გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ

გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი ავრცელებს.

9 ნოემბერს, „რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. საკანონმდებლო ცვლილება სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა წარადგინა.

სენატორი ჯიმ რიშის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, რუსეთმა შეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით და ასევე უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა.

„აშშ-ის სანქციები, რომელიც მიზნად „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს ისახავს, ძირს უთხრის გერმანიის მიმართ ერთობლივ განცხადებაში მიღებულ ვალდებულებას, შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ერთობლივი განცხადების მიღწევებს, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ დებულებებს. ის საბოლოოდ ზიანს აყენებს ტრანსატლანტიკურ ერთობას“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის დოკუმენტში, რომელიც Axios-მა მოიპოვა.

25 ნოემბერს, ჟურნალ Foreign Policy-იმ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან იმ დებულებების ამოღებას ცდილობს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

Leave a Reply

Menu Title