ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებისთვის ევროკავშირმა საქართველოს 8.4 მლნ ევროს გრანტი გამოუყო

ევროკავშირმა, „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ​მა“ (KFW-მ) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად მორიგი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყეს.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (GESRP), რომლის ბიუჯეტი 8,44 მილიონი ევროს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივი, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. ასევე, პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და წაახალისოს განახლებადი ენერგიის შემდგომი განვითარება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის, სიგრიდ ბრეტელის განცხადებით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

„ენერგოეფექტურობა უპირველეს ყოვლისა“ არის ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი პრინციპი, ჩვენ, KFW და AFD ვაერთაინებთ ძალისხმევას საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) განსახორციელებლად. ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის წესებისა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველო შეძლებს, შეასრულოს ენერგოეფექტურობის ეროვნული ჩარჩო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა წარმატებით განხორციელებას მას. ენერგოეფექტურობას მრავალი სარგებელი აქვს: გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური. ის ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ასევე მდგრად განვითარებას“, – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავდება ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ბაზით გათვალისწინებული მეორადი კანონმდებლობა. დამუშავდება და ქართულ გარემოსთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები. რეფორმის ფარგლებში, ენერგოაუდიტის მექანიზმის დასანერგად, შეიქმნება ენერგო აუდიტორების სერტიფიცირებისა და შემოწმების/ინსპექტირების სისტემა, დაინერგება ენერგოეფექტური შესყიდვების სისტემა, ჩატარდება საჯარო შენობების ინვენტარიზაცია, შემუშავდება გრძელვადიანი რენოვაციის სტრატეგია და სხვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, პროექტი საქართველოს, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.

„პროექტი დაგვეხმარება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. კერძოდ, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკანონმდებლო ბაზის დანერგვას და აღსრულებაში, რაც ხელს შეუწყობს მთავარი მიზნის მიღწევას – იმპორტდამოკიდებულების შემცირებას – ენერგორესურსების რაციონალური მოხმარებით. შედეგად, ენერგიის მომხმარებელ სექტორებში დაინერგება საუკეთესო სტანდარტები, რაც განაპირობებს გაუმჯობესებულ კლიმატურ პირობებს, როგორ გარემოში, ასევე ადამიანებისთვის განკუთვნილ საჯარო და საყოფაცხოვრებო სივრცეებში“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

პროექტი ოთწლიანია და მისი წარმატებით განხორციელების შედეგად, საქართველო შეძლებს, მოიზიდოს დამატებითი კერძო ინვესტიციები, გაზარდოს ეკონომიკის სექტორების ენერგოეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა, პროექტი დაეხმარება განახლებადი ენერგიის განვითარებას და სათბური აირების გაფრქვევების შემცირებას, კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკის სექტორის რეფორმების მიმართულებით.

Leave a Reply

Menu Title