ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდება ვენაში. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იუწყება.

მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ ამჟამად აცხადებს, რომ მზადაა, კვლავ დაუბრუნდეს მას, ირანს ადანაშაულებს, რომ ის სერიოზულად არაა დაინტერესებული ახალი შეთანხმებით.

მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის წევრმა გერმანიამ, რომელიც 2015 წლის შეთანხმების მონაწილეა, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ შეისწავლა თეირანის წინადადებები შეთანხმების კვლავ ამოქმედების თაობაზე „და დაასკვნა, რომ ირანმა დაარღვია თითქმის ყველა კომპრომისი, რომელიც წინა თვეებში გამოინახა რთული მოლაპარაკებების პროცესში.“

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ბერლინი იმედოვნებს, რომ ირანი „რეალისტური“ პოზიციებით დაუბრუნდება მოლაპარაკებებს.

ირანმა, რომელიც უარს აცხადებს ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაზე, განაცხადა, რომ ახალი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, თუკი არ გაუქმდება თეირანისთვის დაწესებული დამსჯელი სანქციები.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title