უკრაინა ბიოგაზზე უნდა გადავიდეს – გამოსავალი უმწვავესი ენერგოკრიზისიდან

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზ უკრაინას“ ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო მოსახლეობას და ბიზნესს გაზის ეკონომისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი ტარიფების შენარჩუნება შეუძლებელია, იმის მიუხედავად, რომ ეს ტარიფების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ზედმეტად მაღალია.

„ჩვენ პატიოსნად ვამბობთ – თუ დღევანდელი ფასები შენარჩუნდა, ჩვენ, როგორც ეროვნული ბიზნეს-კომპანია ასეთ სხვაობას ვერ დავფარავთ. ამიტომ, ამ თემაზე სერიოზული საუბარი მოგვიწევს როგორც დეპუტატებთან, რომლების ბიუჯეტს კენჭს უყრიან, ასევე მომხმარებლებთან, უბრალო უკრაინელებთან. მართლაც, უნდა დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ ახლო მომავალში“, – თქვა ვიტრენკომ.

მისი თქმით, ყველასთვის საუკეთესო იქნება, თუ კომუნალური საწარმოები ბუნებრივიდან ბიოგაზზე გადავლენ.

„ბიოგაზის მიღება შეიძლება აგრარული წარმოების ნარჩენებიდან, ასევე ნაგვის გადამუშავებით. ამ საწვავით უკრაინას მინიმუმ 5 მლრდ. კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლება შეუძლია“, – მიიჩნევს ვიტრენკო.

მისი თქმით, ასევე საჭიროა ბუნებრივი აირის ეკონომია – უკრაინამ გაზი ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე რომ მოიხმაროს, რამდენიც პოლონეთმა, ქვეყანას არათუ იმპორტი არ დაჭირდებოდა, არამედ ის გაზის ექსპორტსაც შეძლებდა.

სხვათა შორის, „ნაფტოგაზ უკრაინა“ მოსახლეობას გაზის ეკონომიისკენ ჯერ კიდევ 2018 წელს მოუწოდებდა და მაშინ ამ ინიციატივას მხარი პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციამ დაუჭირა.

თუმცა, უშედეგოდ – მოწოდებების და ლოზუნგების მიუხედავად, გაზის მოხმარება უკრაინაში არ შემცირდა.

ბოლო დღეები განგაში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ატეხა – დაზვერვამ გააფრთხილა მთავრობა, რომ შექმნილ ვითარებაში გათბობის გარეშე დარჩენა უკრაინის რამდენიმე რეგიონს ემუქრება – სპეცსამსახურის ინფორმაციით, სლავიანსკაიას თბოელექტროსადგურზე ნახშირის მარაგი საჭიროზე 50-ჯერ ნაკლებია, ლუგანსკის თეს-ში 4-ჯერ ნაკლები, ხოლო კიდევ ერთ მსხვილ – დარნიცკის თბოელექტროსადგურზე მარაგები ბოლომდე ამოიწურა.

ამ დროისთვის უკრაინის გაზსაცავებში შენახული გაზის დიდი ნაწილიც დაიხარჯა.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინა ერთ ნაბიჯშია იმ კომუნალური საწარმოების სრული გაჩერებისგან, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფენ. ამის მიზეზია ნახშირის და გაზის დეფიციტი.

სპეცსამსახურის დასკვნით, შექმნილი მდგომარეობა სახელმწიფოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სერიოზულ რისკს უქმნის და შესაძლოა, ქვეყანაში გათბობის სისტემა გაჩერდეს, რაც თავის მხრივ, ტექნოგენური ხასიათის საგანგებო მოვლენებს, სოციალური დაძაბულობის ზრდას და ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევს.

2021-2022 წლების გათბობის სეზონს უკრაინა საწვავის კრიტიკულად დაბალი მარაგებით შეხვდა.  ექსპერტები ამას ჯერ კიდევ ზაფხულში პროგნოზირებდნენ, თუმცა, მთავრობა ამ პრობლემების გადაწყვეტას არ ჩქარობდა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title