გია ნოდია ნამახვანჰესზე: ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ facebook გვერდზე ნამახვაჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის).

ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო. საპროტესტო კამპანიის წარმატება (რაც ინვესტორის “გაგდებაში” გამოიხატა) ძირითადად ქსენოფობიური ემოციის სიძლიერემ და ამ ემოციაზე მოთამაშე ჯგუფების აქტივობამ გადაწყვიტა. მემარცხენეები, ობიექტურად, პარაზიტები იყვნენ, ვინც ქსენოფობიაზე დამყარებული კამპანიის ძალა გამოიყენეს და, ამავე დროს, მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს (სუბიექტურად რა მოტივები ამოძრავებდათ, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი არაა).

ხელისუფლების ქცევის მიზეზი თავის მხრივ ორია: ქსენოფობიური ჯგუფები მემარცხენე აქტივისტებზე ობიექტურად გაცილებით უფრო ძლიერები არიან; გარდა ამისა, ისინი ხელისუფლების ძირითადი მოკავშირეები არიან ოპოზიციასთან ბრძოლაში, ამიტომ მათ ანგარიში უნდა გაეწიოთ.

(მთავრობა მოკავშირეებში ზოგი ანტიკაპიტალისტი მემარცხეენეცაა, მაგრამ ეს თემას ნაკლებად ეხება: ზოგადად, მთავრობას შეუძლია, მემარცხენეები დაიკიდოს).

ხოდა, ამ ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა: სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პროექტში, რათა გაანეიტრალოს მთავარი ლოზუნგი – “ქართული მიწა არ იყიდება”. ამით დააწყნარებს ქსენოფობებს და, დიდწილად, ანტიკაპიტალისტებსაც. გარემოს დამცველები რას იფიქრებენ, არა უშავს. რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, ანუ ჰესი რამდენად და როგორ აშენდება, სხვა საკითხია – ეს კაციშვილმა არ იცის. მე პოლიტიკური ლოგიკა მაინტერესებს.”

Leave a Reply

Menu Title