„ვისოლი“: საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრით კიდევ შევამცირებთ

მომავალი კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის დაახლოებით, 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საწვავის ფასის შემდგომი დინამიკა ნავთობის საერთაშორისო ფასზე იქნება დამოკიდებული.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ნავთობის ფასის 77 დოლარიანი ნიშნული დიდხანს არ შენარჩუნდება და კლებას დაიწყებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საწვავის ფასები შემდგომ ეტაპზეც შევამციროთ. თუ 77 დოლარზე დარჩა, მომავალ ეტაპზე ფასების დაკორექტირებას ვერ შევძლებთ“,- აღნიშნა ვასილ ხორავამ.

„ვისოლმა“ საწვავის ღირებულება 5 თეთრით 21 დეკემბერს შეამცირა. ყველაზე მოთხოვნადი ევრო რეგულარის ფასი ჯერჯერობით კვლავ უცვლელია და 3.15 ლარია.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply

Menu Title