მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს

მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა რამდენიმე საათია, გადაკეტილია. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა ჩართოლანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 24 საათია, მესტიის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისი თქმით, ამის გამო, გაიყინა წყლის მილები და მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა.

„აქცია ერთი კვირის უკანაც გვქონდა. მაშინ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაგვპირდა ვითარების დარეგულირებას. ყველამ იცის, რომ ეს უშუქობა ე.წ. მაინერებს უკავშირდება. ხომ იციან, ვის უდგას, მოიყვანონ სპეცრაზმი და ამოიღონ, ან გათიშონ საბაგიროები. 21-ე საუკუნეში უშუქობა სირცხვილია. ჯერ ხელისუფლებიდან არავინ შეგვხმიანებია“, – აცხადებს ანა ჩართოლანი.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მსგავსი დაპირება, რომ ერთ კვირაში პრობლემა გადაიჭრებოდა, არავისთვის მიუციათ. რაც შეეხება ე.წ. მაინერებს, მერიაში ამბობენ, რომ ისინი კერძო საკუთრებაშია განთავსებული და არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, რომ ამოიღონ ისინი.

მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წელია, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ზამთარში იჩენს თავს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 7 მგვტ ნაცვლად, ზამთარში ე.წ. მაინინგების მუშაობის გამო, მესტია 27 მგვტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც გადამცემი ხაზები ვერ უძლებს და ხშირია ავარიული გამორთვები.

ამასთან, ე.წ. მაინერებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ბოცვაძის თქმით, მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე“, – განაცხადა ბოცვაძემ.

Leave a Reply

Menu Title