დანიას შიდა ფრენებიდან წიაღისეული საწვავის ამოღება 2030 წლამდე სურს

დანიის მთავრობა შიდა ფრენების წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას 2030 წლისთვის გეგმავს. BBC პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის საახალწლო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის გამოთქვამს სურვილს, „ფრენები გაამწვანოს“.

თუმცა პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად გამოსავალი ჯერ არ უპოვნია. დანია მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ნახშირბადის მთლიანი გამონაბოლქვი, 1990 წელთან შედარებით, 70%-ით შეამციროს.

”მოგზაურობა არის ცხოვრება და ამიტომაც დავფრინავთ. როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები ძალიან ნელა მოქმედებენ, დანიამ ლიდერობა უნდა იტვირთოს და კიდევ უფრო აწიოს თამასა,”- აცხადებს მეტე ფრედერიკსენი.

პრემიერმა დასძინა, რომ ეკოლოგიურად სუფთა შიდა ფრენებზე გადასვლა რთულია, მაგრამ მკვლევარები და კომპანიები ამ გადაწყვეტილებებზე მუშაობენ.

ახლახან ევროპულმა კომპანია Airbus-მა წყალბადის საწვავზე მომუშავე თვითმფრინავებზე გადასვლის გეგმა გამოაცხადა, რომლებიც ექსპლუატაციაში 2035 წლისთვის შევლენ. BBC-ის შეფასებით, თუ წყალბადს განახლებადი ენერგიის გამოყენებით აწარმოებენ, ეს შესაძლოა, დანიისთვის მიზნის მიღწევის საშალებად გადაიქცეს. თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა ტექნოლოგია მზად და საკმარისად იაფი, რომ დანიამ შიდა ფრენების „გამწვანება“ 2030 წლამდე მოასწროს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title