კლიმატის ცვლილება მარჯნის რიფებს ანადგურებს

ბუნებრივი კატასტროფების ზრდა — ტყის ხანძრები, გვალვები და სითბური ტალღები — ალბათ ყველაზე შესამჩნევი მოვლენებია, რომლებიც კლიმატის ცვლილება მოიტანა; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის 2021 წლის მოხსენების მიხედვით, დედამიწის გათბობამ ამინდთან დაკავშირებული ასეთი მოვლენები ბოლო 50 წელიწადში ხუთჯერ გაახშირა.

თუმცა, გასულ ათწლეულში კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი უდიდესი გავლენა წყალქვეშ მოხდა. მაღალი ტემპერატურის გამო, მარჯნის რიფებმა მოიშორეს სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც მათ გადარჩენაში ეხმარებოდნენ. შედეგად, რიფები გათეთრდა და მოკვდა. წელს გამოქვეყნდა მარჯნის რიფების მონიტორინგის გლობალური ქსელის დიდი მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ოკეანეებმა 2009 წლის შემდეგ დაახლოებით 14 პროცენტი რიფები დაკარგა, ძირითადად კლიმატის ცვლილების გამო.

ნოემბერში, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 1998 წლის შემდეგ, გათეთრებას გადაურჩა დიდი ბარიერული რიფის, მსოფლიოში უდიდესი ასეთი წარმონაქმნის მხოლოდ ორი პროცენტი. ორი თვით ადრე გამოქვეყნებული სხვა კვლევის მიხედვით კი, 1950-იანი წლების შემდეგ დაკარგულია მარჯნის რიფების ნახევარი, ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების გამო. რიფების შემცირება გავლენას ახდენს მეთევზეობაზე, ტურიზმსა და სანაპირო განვითარებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკებზე, რადგან იკარგება შტორმებისგან დამცავი ოფშორული ბუფერული ზონა.

მეცნიერთა განცხადებით, თუ ტემპერატურა ზრდას განაგრძობს, მარჯნის რიფები სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება. თუმცა, ყველა იმედი დაკარგული არ არის — თუ ადამიანები ნახშირბადის გამოყოფას სწრაფად, ახლავე შეაჩერებენ, უფრო ბევრ რიფს ექნება გადარჩენის უკეთესი შანსი.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title