რატომ ვყრით საკვებს ნაგავსაყრელზე და რა გავლენა აქვს ამას კლიმატის ცვლილებაზე?

იმის მაგივრად, რომ ჭარბ საკვებს სწორად ვიყენებდეთ ან ვანაწილებდეთ, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედს ისე ვაგზავნით ნაგავსაყრელზე, მის მოხმარებასაც ვერ ვასწრებთ. თუმცა, ეს მხოლოდ სურსათის დაკარგვას არ ნიშნავს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2015 წლის კვლევით, საკვების ნარჩენები სათბური გაზების ემისიების დაახლოებით, 8%-ს შეადგენს და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.

კლიმატის ცვლილება, დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების კონტექსტს და ჩვენს პლანეტაზე სულ უფრო მეტი გეოგრაფიული არეალი ჩნდება, სადაც ადამიანებისთვის გართულდა საკვებისა და სხვა სასიცოცხლო რესურსების მოპოვება. უცნაურია, მაგრამ საკვების დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, თავად საკვების არარაციონალური და არაეფექტური მოხმარებაა.

მაგალითად, აშშ-ის გლობალური ცვლილებების კვლევითი პროგრამის, Fourth National Climate Assessment report-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტემპერატურის მატება, ძლიერი სიცხეები, გვალვა, ხანძრები და ქარიშხლები სულ უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე, სურსათის უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ფასის სტაბილურობაზე. ეს კი ადგილობრივი ფერმერებისთვის საარსებო წყაროების ხელიდან გამოცლას ნიშნავს.

ცხელი ამინდი და CO2 დონის მატება უარყოფითად მოქმედებს საკვების მომარაგებაზე, უსაფრთხოებასა და ხარისხზეც.

კვლევების მიხედვით, მსოფლიოში წარმოებული საკვების 25-30 % ფუჭად იხარჯება და ამის მიზეზი ქვეყნების განვითარების მიხედვით, სხვადასხვაა. მაგალითად, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში სურსათის დიდი რაოდენობა მომხმარებლამდე ვერც აღწევს. განვითარებად ქვეყნებში კი, ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო საკვების უდიდესი ნაწილი უბრალოდ, იკარგება. IPCC– ის ანგარიშისვე თანახმად, საკვების ნარჩენებზე წელიწადში დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი იხარჯება და ამასთან, სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

კლიმატის ცვლილებების შედეგებს უკვე საქართელოშიც ვიმკით. გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა პირველი, 2003 წლის ეროვნული პროგრამის მიხედვით, საქართველოში განისაზღვრა გაუდაბნოებისადმი მოწყვლადი რეგიონები – კახეთი და ქვემო ქართლი. მაგალითად, 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტებმა ვაშლოვანში წყლის ბალანსის და ნახშირბადის მარაგის შესწავლა დაიწყეს. პროგნოზების მიხედვით, 2070 წლისთვის დაცულ ტერიტორიაზე წყლის ბალანსისა და ნახშირბადის მარაგის სერიოზული დეფიციტია მოსალოდნელი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კი, რომელიც სემიარიდული ზონაა, წლიური ნალექების რაოდენობა ხანდახან 400მმ-მდეც ვერ აღწევს. გვალვიანი დღეების რაოდენობა საშუალოდ, 54 დღიდან 72 დღემდე გაიზარდა. კლიმატის ცვლილებებისა და სხვა ანთროპოგენული ფაქტორების გამო, ნიადაგის ეროზიის შედეგად, მცირდება საძოვრების პროდუქტიულობა, ფერმერებს სულ უფრო უჭირთ ცხვრის გამოკვება ჯანსაღი ბალახით და დამატებითი საკვების ყიდვა უწევთ. ეს კი მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

რა გავლენას ახდენს სურსათის წარმოებისა და მიწოდების არასწორი გზები კლიმატის ცვლილებაზე?

სურსათის ნარჩენები ქვეყანა რომ ყოფილიყო, აშშ-ის და ჩინეთის შემდეგ, ის მსოფლიოში სიდიდით მესამე იქნებოდა. თუმცა, ცხადია სურსათი ნაგავსაყრელში მხოლოდ მისი არარაციონალური გამოყენების გამო არ ხვდება. ის გრძელ გზას გადის, რომლის დროსაც ასევე, დამატებითი ნარჩენები წარმოიქმნება.

მაგალითად, აშშ-ში სურსათის ნარჩენის 16% ჯერ კიდევ ფერმებში, მოსავლის აღების დროს ჩნდება. ამის მიზეზი მოსავლის იქვე დატოვება ან გადარჩევაა. კალიფორნიის მაგალითს თუ მოვიშველიებთ, წელიწადში აქ მოყვანილი მოსავლის 33.7% დაუკრეფავი რჩება. ამასთან, ფერმერები ცდილობენ, მოყვანილი პროდუქცია გასაყიდად გამზადებამდე, რაც შეიძლება, იდეალურად გამოუყურებოდეს. ამიტომ, სურსათის გარკვეული ნაწილი სასურსათო დახლებამდეც კი ვერ აღწევს.

2% სურსათის ნარჩენებისა კი წარმოების დროს იკარგება. 13% კი დისტრიბუციის პროცესში და სასურსათო მაღაზიებში. ამ უკანასკნელის მიზეზი უკვე მომხმარებელია, რომელიც მაგალითად, ვაშლის შეძენისას სეგრეგაციას აკეთებს და ირჩევს იმ ვაშლს, რომელსაც ვიზუალურად არანაირი ნაკლი არ აქვს და ასე გრძელდება ჯაჭვი, რომლის ყველა გზა საბოლოოდ, ნაგავსაყრელზე მიდის და უკან, სათბური ემისიების სახით ჩვენს საცხოვრებელ გარემოს უბრუნდება.

კლიმატის ცვლილებისა და COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის საპასუხოდ, CENN-მა (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, წამოიწყო პროექტი სურსათის მდგრადი მართვის სისტემები საქართველოში კლიმატისადმი მედეგობის ხელშეწყობისათვის.

პროექტმა მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ბიზნესს საკვების ნარჩენების შემცირებაში და ამის შესახებ დიალოგი ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან; იმუშაოს საზოგადობის ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობაზე და დასვას მთავარი შეკითხვა – როგორ შეიძლება საკვების რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ჩვენს ნაგავსაყრელებზე? პროექტის საბოლოო ამოცანა კი, სათბური აირების ემისიების შემცირებაა.

საქართველოში, ყოველწიურად, 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. 2016-2018 წლებში CENN-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების 40% ორგანულია, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი საკვების ნარჩენებზე მოდის. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენი სრულად არ იხრწნება და შედეგად გამოიყოფა მეთანი, რომლის სათბური ეფექტი 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგის და რომელიც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზია. თუმცა, ეკოლოგიური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, საკვების ნაგავსაყრელზე მოხვედრის სოციალურ შედეგებზეც.

Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული სოციოეკონომიკური კრიზისის პირობებში, სულ უფრო მძიმდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. მაგალითად, საქსტატის 2020 წლის მონაცამებით, თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199 ლარი იყო და მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცი შემოსავლის დაახლოებით 41%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 58%-ს კი — სხვა სერვისებში.

ევროპისა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არსებობს სურსათის ბანკები, საიდანაც ზედმეტი საკვები ურიგდება მათ, ვისაც უჭირს. საქართველოში, მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ქვეყანაში არ გვაქვს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სურსათის დონაციის პროცესს განსაზღვრავს და წაახალისებს.

ჩვენი კანონმდებლობა ბიზნესს წახალისების მაგივრად, ზედმეტ ვალდებულებებსაც უწესებს, რის გამოც, საკვების დონაცია მათთვის წამგებიანია. კერძოდ კი, საგადასახადო რეგულაციების გამო, სუპერმარკეტები და რესტორნები უარს ამბობენ დარჩენილი საკვების გაჩუქებაზე, რადგან გაჩუქებული პროდუქცია დამატებით მოგებისა (15%) და დღგ-ის (18%) გადასახადებით იბეგრება. ამიტომ, ბიზნესი მარტივ გამოსავალს პოულობს და ზედმეტ სურსათს პირდაპირ ნაგავსაყრელზე აგზავნის. საკვებს, რომელიც შესაძლოა, ათასობით სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი იყოს.

პროექტის სურსათის მდგრადი სისტემები მედეგი კლიმატისთვის ფარგლებში, რომელიც CENN-მა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა, მოხდა სურსათის დონაციის საკანონმებლო პროცესის ინიცირება პარლამენტის კომიტეტში:

“პროექტის გუნდმა მოახდინა ბიზნესსექტორისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მობილიზება და დაიწყო მთავრობასთან დიალოგის პროცესი. პროექტით შეიქმნა სურსათის დონაციის სამუშაო ჯგუფის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სექტორის ძირითად მოთამაშეების, ემსახურება ცოდნის გაცვლას და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაყრდნობითი პოლიტიკის ადვოკატირებას”, — წერია CENN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის, შემუშავდა საგადასახადო კანონმდებლობის რეკომენდაციები, რათა შემსუბუქდეს საკანონმდებლო ბარიერები. ეს კი ხელს უშლის სურსათის დონაციას საქველმოქმედო ორგანიზაციებზე. პროცესის ინიცირების მიზნით, რეკომენდაციები განსახილველად უკვე შევიდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტშიც.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title