თალიბანი TAPI-ის გაზსადენის საშუალებით ფულის გამომუშავებას დაიწყებს

TAPI-ის გაზსადენის პროექტზე (თურქმენეთი – ავღანეთი – პაკისტანი – ინდოეთი), რომლის განხორციელებაც ავღანეთის ტერიტორიის გავლით იგეგმება, დარჩენილი შვიდი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამის შესახებ სამშაბათს ავღანურმა ტელეარხმა, Tolo News-მა გაავრცელა ინფორმაცია თალიბანის მოძრაობის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით.

მთლიანობაში, TAPI-ის პროექტის განსახორციელებლად დაიგეგმა 16 ხელშეკრულების გაფორმება, რომელთაგან 9 გაფორმდა ავღანეთის წინა ხელისუფლების პირობებში, მიუთითებს არხი.

დარჩენილ შვიდ დოკუმენტს მალე მოეწერება ხელი. ამასთან, პროექტის განსახორციელებლად თანხები ავღანეთის ბიუჯეტიდან მიმდინარე ფინანსურ წელს უცხოური სესხის ხარჯზე გამოიყოფა.

„პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით თურქმენეთთან, რომ ავღანეთს სესხი გამოეყოფა. ნასესხები თანხები დაბრუნდება გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული შემოსავლიდან“, – ციტირებს ტელეარხი თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების დირექტორის, ვალიულა შაჰინის ნათქვამს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანი 30 ათასი მებრძოლისგან TAPI-ის გაზსადენს დასაცავად სპეციალურ დანაყოფს შექმნის. თალიბანის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ პროექტს და აპირებენ მის განხორციელებას.

TAPI პროექტი ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქმენეთის მონაწილეობით 2015 წლიდან მიმდინარეობს. მისი ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.

მილსადენი დააკავშირებს ენერგორესურსებით მდიდარ ცენტრალურ აზიას სამხრეთ აზიასთან, რომელიც ამ რესურსების საჭიროებას განიცდის.

პროექტის შესაბამისად, 33 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირება მოხდება ყოველწლიურად თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან ქალაქ ფაზილკაში, ინდოეთის შტატ პანჯაბში, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, 1814 კილომეტრიანი მილსადენით.

ამ პროექტიდან ავღანეთი ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარს მიიღებს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title