ნაბიჯი მეზობელი ქვეყნების ენერგოექსპანსიისკენ – რუსეთმა 2021 წელს 25 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცების თანახმად, 2021 წელს ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5,4%-ით და 1,106 ტრილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია.

მოხმარებული ენერგიის ზრდა სრულად დაკომპენსირდა გამომუშავებული ელექტროენერგიის კიდევ უფრო მაღალი, 6%-იანი ზრდის ტემპით. 2021 წელს რუსეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,131 ტრილიონი კვტ.სთ შეადგინა.

ქვეყნის შიდა ბაზარზე აუთვისებელი, რეკორდულად ჭარბი 25 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია რუსეთმა ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გაიტანა და მათი ენერგეტიკული ექსპანსიისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

რუსეთის ექსპორტი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 2,2-ჯერ, ხოლო 2019 წელთან შედარებით ~25%-ით გაიზარდა.

რუსეთს ელექტროენერგიის ძირითადი იმპორტიორები ჩინეთი, ლიტვა და ფინეთია, მათი მომდევნო ყაზახეთი კი 2021 წელს საქართველომ ჩანაცვლა.

ესკოს მიერ გამოქვეყნებული 11 თვის მონაცემების, აგრეთვე დეკემბრის თვის ოპერატიული მონაცემების და ესკოს მიერ ენერგობალანსში ტრადიციულად არაღრიცხული, ცხინვალის რეგიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, რუსეთიდან საქართველოში 2021 წელს ~2,2 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგიაა შემოსული.

ესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 2022 წლის ოპერატიული მონაცემები ცხადყოფს, რომ იანვრის თერთმეტ დღეში საქართველოში იმპორტირებულია 158,47 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც შარშან მთელი იანვრის განმავლობაში იმპორტირებულის (214,26 მლნ კვტ.სთ) 74%-ია. იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსეთის წილად მოდის 142.03 მლნ კვ.სთ, სომხეთის წილად 8,88 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანის წილად 7,56 მლნ კვტ.სთ.

ის ფაქტი, რომ ენგურჰესში წყლის დონე მინიმუმზეა და მხოლოდ იმდენი ელექტროენერგიის გამუმაშავება ხდება, რამდენის საშუალებასაც მოდინება იძლევა (რის შესახებაც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ისაუბრა პრესასთან), რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებას სანახევროდაც კი არ აკმაყოფილებს, ცხადყოფს, რომ შარშანდელი იანვრის იმპორტის მთლიან მოცულობას ცალკე აღებული რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის მოცულობა გადააჭარბებს.

ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც. სახელმწიფო ელეტროსისტემის ვებგვერდზე არსებული მონაცემების ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იანვარში რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს არანაკლებს 20 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდიან.

რა რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა და იმპორტირებული ელექტროენერგიის რა რაოდენობა მოიხმარება ოკუპანტი ჯარების მიერ, ამის დადგენა ღია სივრცეში არსებული მასალის მიხედვით არ ხერხდება.

საქართველოს მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაში იმპორტის და განსაკუთრებით, იმპორტში  რუსეთის წილის ზრდით, ერთი მხრივ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საფუძვლის მოშლა და რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკული ექსპანსიის ხელშეწყობა ხდება, მეორე მხრივ კი, კლიმატისადმი არამეგობრული ელექტროსადგურების (ნახშირის, ბუნებრივი აირის საწვავზე და აგრეთვე, ურანის საბადოების დამუშავების დროს ატმოსფეროში გატყორცნილი სათბური აირების გათვალსწინებით, ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგურების) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გასაღების ხელშეწყობა ხდება.

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიების ენერგეტიკულ ექსპანსიას რუსეთიდან შესულ  ნავთობპროდუქტებზე მათი სრულად „ჩამოკიდების”, მათ შორის, „შეღავათიან ფასში” პროდუქციის მიწოდებითაც ახდენს.  29 დეკემბერს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს საბაჟო დაბეგვრის რეჟიმის გაუვლელად მიაწვდის 59 ათას ტონა ბენზინს,  20 ათას ტონა დიზელის საწვავს და 7 ათას ტონა ბიტუმს, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს კი 8 ათას ტონა ბენზინს, 1,1 ათას ტონა დიზელის საწვავს და 2,7 ტონა ბიტუმს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title