ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვამ გაზრდილი ფასით დაიწყო რუსული გაზის საფასურის გადახდა

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზი“ აცხადებს, რომ მან ძველი ფასით გაისტუმრა დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს.

მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად უღარიბეს ევროპულ ქვეყანას.

მოლდოვამ, სპინუს თანახმად, რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერს სთხოვა , რომ 10-20 დღით გადაუვადოს იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა, რათა “მოლდოვაგაზმა” ამ პერიოდში მოახერხოს საჭირო თანხების მობილიზება.

გასული წლის ოქტომბერში მოლდოვასა და „გაზპრომს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, კიშინიოვმა გაზრდილი ფასით ახალი წლიდან ყოველთვიურად უნდა გაისტუმროს მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური.

ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს ევროკავშირთან დაახლოების მსურველი მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგ გავლენისთვის მას შემდეგ, რაც მოლდოვაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლელმა მაია სანდუმ დამაჯერებლად დაამარცხა კრემლთან დაახლოებულ ყოფილ პრეზიდენტ, იგორ დოდონს.

რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა წმინდად კომერციული საკითხია, რასაც გლობალურ ბაზარზე მომხდარი ცვლილება განაპირობებს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title