მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივების მიერ ხატზე დაფიცების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ჩართულია. ამჟამად რეგიონის ელექტრომომარაგება უწყვეტად ხორციელდება, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოს. ენერგო–პრო ჯორჯია ვერ ამბობს, როგორ მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს რეგიონში და რას უშველის ჭარბ მოხმარებას.

მაინინგი თუ უფასო დენი?!

მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაიფიცა, რომ კრიპტოვალუტის მაინერებს გათიშავდა. „დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან, ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს! ყველა მივიდეთ სახლებში და ვისაც გვაქვს, გამოვრთოთ“, – განაცხადეს ტაძარში შეკრებილმა მამაკაცებმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხატზე დაფიცების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩათ, რადგან მათი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მთავრობამ მაინერების ამოსაღებად არაფერი გააკეთა. იმ აბონენტების გამოვლენას და ქსელიდან გათიშვას, ვინც მაინერებს ამუშავებს, არც კომპანია ენერგო–პრო–ჯორჯია ახორციელებს. მაინინგის ე.წ. ფერმები, რომლებიც ქსელთან, უმეტეს შემთხვევაში, უკანონოდ არიან მიერთებული, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც გახშირებული ავარიების მიზეზი ხდება. გარდა იმისა, რომ ადგილობრივები ზამთრის ყინვაში გათბობის გარეშე, სიბნელეში რჩებიან, რეგიონი ტურისტებსაც კარგავს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ მაინერებზე საუბარი სპეკულაციაა, როცა სვანეთში ელექტროენერგია უფასოა.

„პრობლემა გამოწვეულია არასწორი სახელმწიფო პოლიტიკით და მათ ნაცვლად აბრალებენ მოსახლეობას, რომ დენს იყენებს. როცა ელექტროენერგია არის უფასო, ადამიანები მას დიდი რაოდენობით გამოიყენებენ. სახლის გასათბობად დახარჯავენ ელექტროენერგიას თუ მაინერისთვის, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ დათვალა, რომ მაინინგი მეტს მოიხმარს ვიდრე სახლების გათბობაზე იხარჯება? ასეთი მონაცემები არ გვინახავს. თუ არ ვიცით, რამდენი მაინერია, როგორ გავიგებთ, ისინი რამდენს მოიხმარენ?“ – აღნიშნავს ლევან ფავლენიშვილი.

რატომ აქვს სვანეთს დენის პრობლემა?!

ენერგო–პროს მესტიის მუნიციპალიტეტში 1 300-მდე აბონენტი ჰყავს, აქედან 900-მდე საყოფაცხოვრებო მომხმარებელია, რომელიც ელექტროენერგიას უფასოდ იღებს. მინიმალური ოდენობით იხდის დენის საფასურს კომერციული სექტორი. ენერგო–პრო ამბობს, რომ ამ წლებში რეგიონში 45 მილიონი ლარი დაკარგა.

ადგილობრივები ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მიზეზად, მაინერების გარდა, მოძველებულ ინფრასტრუქტურას ასახელებენ. ტექნიკური პრობლემის არსებობას ენერგოკომპანიაც ადასტურებს და აცხადებს, ინფრასტრუქტურის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება.

ენერგო–პროში განაცხადეს, რომ სვანეთში სიტუაცია არაპროგნოზირებადია და „ხვალ რა მოხდება, არავინ იცის. ასე გაგრძელდება, სანამ სადმე ავარია არ მოხდება და რეგიონი ისევ უშუქოდ არ დარჩება.“

უნდა გაითიშოს თუ არა მაინინგი?

როგორც ცნობილია,  კრიპტოვალუტის გამომუშავებას დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. ელექტრონული ფულის მაინერები წლიურად დაახლოებით 91 ტერავატ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც მსოფლიო მოხმარების თითქმის 0,5%-ია და, ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, 10-ჯერ არის გაზრდილი.

წლების განმავლობაში, ბიტკოინის მაინინგის დიდი ნაწილი ჩინეთში იყო თავმოყრილი. ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების შემდეგ (მაინინგი არალეგალური ჩინეთში მაისიდან გახდა), ჩინელმა მაინერებმა წარმოებისთვის ახალი ადგილების მოძიება დაიწყეს და ფერმები იმ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც ელექტროენერგია იაფი ღირს.

მაინინგისგან შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ცოტა ხნის წინ კოსოვომ კრიპტომაინინგი აკრძალა. მაინინგის მასშტაბი განსაკუთრებით სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში გაიზარდა, სადაც კოსოვოს სახელმწიფოს არ აღიარებენ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ.

კრიპტოვალუტის წარმოებისთვის თანდათან სულ უფრო მეტ ენერგიაა საჭირო. ადრე თუ ბიტკოინის წარმოებისთვის სახლში დადგმული კომპიუტერი საკმარისი იყო, ახლა ამისთვის უახლესი, უსწრაფესი დანადგარია საჭირო, რომელიც მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს.

ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების გამო, 2021 წლის გაზაფხულზე Tesla-მ ავტომობილების ბიტკოინზე გაყიდვაც შეაჩერა. ილონ მასკმა მაშინ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მაინინგი ელექტროენერგიის დიდი ხარჯის გამო გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. მასკის ამ განცხადებამ კრიპტოვალუტის ფასი ერთბაშად 17%-ით შეამცირა.

ბიტკოინის ზოგიერთი მომხრე აღნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ენერგიას მხოლოდ კრიპტოწარმოება არ მოიხმარს. მათი თქმით, ფინანსური სისტემა, მისი მილიონობით თანამშრომელი და კომპიუტერები კონდიცირებულ ოფისებში ასევე ბევრ ელექტროენერგიას იყენებს.

„ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების არსი ის არის, რომ მის ლოკაციას მარტივად ვერ უნდა ადგენდნენ. ამიტომ მისი იდენტიფიცირება არის რთული ან საერთოდ შეუძლებელი. უცხოეთში ამას არ უყურებენ, როგორც ბოროტ საქმიანობას. ჩვენთან კი არაპროდუქტიულ, ცუდ საქმედ თვლიან. რეალურად კი, ამით ხალხი ფულს შოულობს. ისინი ფლობენ ტექნოლოგიას, რომელიც ჩართულია დიდ, გლობალურ ტენდენციაში, რომელიც არის ვალუტის დეცენტრალიზება და რატომ არის ეს ცუდი?” – აღნიშნავს ლევან ფავლენიშვილი.

რა შეიძლება ეშველოს სვანეთს?

სპეციალისტების თქმით, სვანეთში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ის, რომ ყველა მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გამოსავალი იქნება მაინერების დაყადაღება. სემეკ-ის თავმჯდომარე, ამავე დროს, აუცილებლად მიიჩნევს, რომ სვანეთის მოსახლეობამ გადაიხადოს დენის საფასური. სხვაგვარად ენერგოკომპანია აბონენტების ხარისხიანად მომსახურებას ვერ შეძლებს.

„თუ დენი იქნება უფასო, ეს მოსახლეობას უბიძგებს, სახლის გათბობა თუ ბიზნესი ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადაიყვანოს. ეს მუდმივად გაზრდის დატვირთვას. პრობლემას ქმნის ისიც, რომ გადამცემი ქსელი ამხელა მოხმარებაზე არ არის გათვლილი. ის, რომ ეს ხდება მაინერების გამო, ეს ჯერჯერობით არის ჭორაობის დონეზე ნათქვამი“, – ამბობს ლევან ფავლენიშვილი.

მაინინგმა სვანეთსა და აფხაზეთში მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარება და გაიზარდა იმპორტის მოცულობა. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12,406 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდს 13.4%-ით აღემატება. ყოველწლიურად ქვეყანას სულ უფრო მეტი იმპორტი სჭირდება. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 1,8 მილიარდი კვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რომლის თითქმის 62% რუსეთზე მოდის.

წყარო: Business Feed

Leave a Reply

Menu Title