„ენკამ“ საქართველო საბოლოოდ დატოვა, ვინ ააშენებს გიგანტურ ჰესს?

800-მილიონიანი ნამოხვანჰესის პროექტის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა. კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. ეს ნიშნავს, რომ თურქმა ინვესტორებმა ჰესის მშენებლობაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. ახლა გასარკვევი ისაა, ხელშეკრულების მოშლის სანაცვლოდ ისინი საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავენ, თუ არა.

„ენკამ“ რომ წარმომადგენლობა დახურა, ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის უკვე ყოფილი დირექტორი მერაბ ლომინაძეც, რომელმაც თანამდებობს, როგორც გაირკვა, ორი თვის წინ დატოვა.

„რამდენადაც ვიცი ოფისები დაიხურა… დემობილიზაცია მიმდინარეობს… დიდი ნაწილი თანამშრომლების წასულია, სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა „ბიემთან“ საუბრისას ლომინაძემ.

როგორც ცნობილია, კომპანია „ენკამ“ 2021 წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორსმაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება. ეკონომიკის მინისტრის ინფომარციით, ჯერჯერობით არავითარ საარბიტრაჟო დავა დაწყებული არ არის და საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს საქმე არბიტრაჟამდე არც მივა.

„ეს არის ჩვენი სურვილი და ამაზე მიდის მოლაპარაკება, რომ თუნდაც დატოვება მოუწიოს კომპანიას ამ პროექტის, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ყოველივე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ იყოს დამაზიანებელი არც პროექტისთვის და არც ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ინვესტორმა გარკვეული კაპიტალდაბანდება განახორციელა, მაგრამ, ვფიქრობ, თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა და მეტად ემუშავა მოსახლეობასთან, არ დაეკარგა გარკვეული დრო, დღეს შეიძლებოდა, სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ.

ჩვენი ამოცანაა, რომ მნიშვნელოვანი პროექტი არ დადგეს დარტყმის ქვეშ. მთავარი გაკვეთილი, რაც აქედან გამოვიტანეთ, იყო ის, რომ სახელმწიფოს როლი მასში და მსგავს მსხვილ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებში უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, კომპანია „ენკამ“ 2021 წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობაში იმედს გამოთქვამენ, რომ ნამახვანჰესი სახელმწიფოსა და სხვა ინვესტორის დაინტერესებით აშენდება.

„თუკი ინვესტორი და ჩვენ საბოლოოდ ვერ შევთანხმდებით პირობებზე, რითიც მათი დაბრუნება შეიძლება, პროექტიდან მათი გასვლა უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებითი.

მომავალში შეიძლება, თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს. ურიგო არ იქნება, „ლიდერშიფი“ სახელმწიფოს ჰქონდეს. შეიძლება, სახელმწიფო სრულად არ იყოს და სხვა ინვესტორიც შემოვიდეს პროექტში.

რაც მთავარია, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ, დაგვანახვა, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, პროექტში სახელმწიფოს დიდი ჩართვით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: for.ge

Leave a Reply

Menu Title