"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

2021 წელს მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა 10-15-ჯერ გაიზარდა

2021 წელს ბიზნესის მხრიდან მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით,  დაახლოებით  10-15-ჯერ გაიზარდა. ხოლო მოსახლეობის მხრიდან უცვლელად ერთ დონეზე დარჩა. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ საინჟინრო ფიზიკის დოქტორმა,  კომპანია ,,მზის სახლის“ დირექტორმა კონსტანტინე კობახიძემ განაცხადა. მოთხოვნის ზრდას იგი ელექტროენერგიის გაძვირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზის პანელების გაძვირების მიუხედავად, სამეწარმეო ბიზნესის მხრიდან დიდი მოთხოვნაა.

კობახიძის შეფასებით,  ეს არის ევროპული, მაღალი სტანდარტის მზის პანელი, რომლის მონტაჟი 100-დან 500 კვტ/სთ სიმძლავრის სადგურისთვის  50 000 ევრომდე ჯდება (1 კვტ/სთ-ის ფასი 500 ევროს შეადგენს).

მიუხედავად იმისა, რომ მონტაჟი საკმაოდ ძვირი ღირს, როგორც კონსტანტინე კობახიძე აღნიშნავს, წარმოებას დაახლოებით 7 წელიწადში  შეეძლება ხარჯის  დაფარვა და მოგებაზე გასვლა.

,,ელექტროენერგიის ფასის ზრდამ ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და მასობრივად ცდილობენ, რომ  ალტერნატიული წყაროები გამოიყენონ, ვის რა შესაძლებლობაც აქვს. ამან განაპირობა, რომ მზის პანელების მიმართ მოთხოვნა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 10-15-ჯერად ზრდას განიცდის.  ყველაზე მეტად მოთხოვნა  კახეთშია.   მონტაჟდება ძირითადად 100-500-კილოვატიანი სადგურები,  რომლის ღირებულებაც, 1 კვტ/სთ-ზე 500 ევროდან იწყება.

რაც შეეხება ოჯახებში მზის პანელების მონტაჟს, ფასი განისაზღვრება სიმძლავრის მიხედვით, საშუალოდ 5-კილოვატიანი სიმძლავრის ევროპული მზის პანელის ღირებულება 5 000 ევროა.  20 ცალი 250-ვატიანი მზის პანელი და, შესაბამისად, 5-კილოვატიანი ინვერტორი, წელიწადში მომხმარებელს 6000-დან 6500-მდე კილოვატ ენერგიას მიაწვდის. საქართველო მზიანი ქვეყანაა, აქ 1 კვ/მ ფართზე დღიურად 4 კვტ/სთ ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ“ ამბობს კობახიძე  ,,კომერსანტთან“.

ინჟინერ-ფიზიკოსის შეფასებით,  მზის პანელების მონტაჟი განსაკუთრებით აუცილებელია იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის ქსელი ძნელად გასაყვანია, ან დიდ დანახარჯს უკავშირდება.

,,საქართველოში რამდენიმე სოფელია, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერ ხერხდება ელექტროენერგიის შეყვანა. ამ მხრივ მზის პანელებს ალტერნატივა არ აქვს. ქსელის შეყვანა იმ სოფელში, სადაც ცოტა კომლი ცხოვრობს, გაცილებით ძვირია, ხოლო მზის პანელების საშუალებით ხარჯის შემცირება შეგვიძლია. როცა სხვა საშუალება არ არის, მზის პანელების მონტაჟი რიგი სოფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ეს არის დაახლოების 2-3 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება ოჯახისთვის. ცხადია, როდესაც სოფელში ქსელი არ არსებობს და ინფრასტრუქტურა თავიდან გასამართია, მზის პანელები უნდა მოეწყოს.  ასეთ სოფლებში მზის პანელების მონტაჟი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება“, – დასძენს კონსტანტინე კობახიძე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კორპუსის მაცხოვრებლებს, უბანს ან მცირე დასახელებას შესაძლებლობა აქვს  საერთო ინვესტიციით მცირე ელექტროსადგური დაამონტაჟოს, მიღებული ელექტროენერგია გაინაწილოს, ჭარბი ელექტროენერგია კი, გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს.

ამასთან, შესაძლებელია ზაფხულში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიით, მომხმარებლებმა ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯები შეიმცირონ.

დღეისათვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში  368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული, 2020 წელს მათი რაოდენობა 243 იყო.

ამასთან, 2021 წელს ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 17 710.235 კვტ-ს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 4.6-ჯერ აღემატება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title