სლოვენია 2033 წლისთვის ნახშირის გამოყენებას შეწყვეტს

მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, სლოვენია 2033 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვეტს ნახშირის გამოყენებას და ამის პარალელურად ქვანახშირის რეგიონების რესტრუქტურიზაციას დაიწყებს. სლოვენია ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

ქვანახშირზე დამოკიდებულების შეწყვეტის ეტაპობრივი ვადების დაზუსტება, სლოვენიას წვდომას აძლევს ევროკავშირის სამართლიანი გარდამავალი ფონდიდან თითქმის 250 მილიონ ევროზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ქვანახშირის ორ რეგიონს მოხმარდება. ამ ორი რეგიონიდან ერთ-ერთში, Savinja-Šalek-ში ნახშირზე მომუშავე ერთადერთი ელექტროსადგური და აქტიური ნახშირის მაღარო მდებარეობს, Zasavje-ში კი არცერთი მაღარო და თბოსადგური აღარ ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს, ისევე როგორც Velenje-ის ქვანახშირის მაღაროს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი კომპანია მართავს. მფლობელი ორგანიზაცია, თავდაპირველად, ნახშირის გამოყენების შეწყვეტის მიზნობრივი თარიღის გადაწევას ითხოვდა, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობის მიერ დაწესებული ვადები საბოლოოდ მისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.

Velenje-ს ქვანახშირის მაღაროს ოპერატორის ცნობით, ნახშირის მოპოვებითი გათხრების შეჩერების შემდგომ, მაღაროს დახურვით სამუშაოებს დაახლოებით 15 წელი დასჭირდება, რაც მინიმუმ კიდევ 20 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. შალეკის ხეობის ენერგეტიკული ადგილმდებარეობა კი სამომავლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

არაოფიციალური ინფორმაციით, Šoštanj-ი, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით მესამედს შეადგენს, დაუყოვნებლივ ვერ დაიხურება, თუმცა ლიგნიტიდან, ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ნახშირიდან, ბუნებრივი აირის გამოყენებაზე გადავა. აღსანიშნავია, რომ სლოვენია ერთ-ერთია იმ ექვსი ქვეყნიდან, რომლებმაც  ნახშირბადის გამოყენების შეწყვეტის თარიღად 2030 წლის შემდგომი პერიოდი დაასახელეს. მსგავსი მიზანი აქვს გერმანიასაც, თუმცა ქვეყანა ამ ეტაპზე სამომავლო გეგმების გადახედვას აპირებს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title