ბათუმის საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კონსულტანტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ენერგოეფექტურობის შეფასების ანგარიშები განიხილეს.

პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში.

პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო შერჩეული 25 საბავშვო ბაღის ენერგოაუდიტის ჩატარება და შედეგების საფუძველზე შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების შერჩევა, ასევე თითოეული ბაღისათვის დეტალური რეაბილიტაციის პროექტის მომზადება.

ამ ეტაპზე დასრულებულია ენერგოაუდიტზე მუშაობა და მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდგომაც ოთხ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარდება. პარალელურად განხორციელდება მეორე ეტაპისთვის შერჩეული ბაღების მომზადება.

ბაღების რეაბილიტაცია ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიას საკონსულტაციო მომსახურებას კომპანია Fichtner GmbH & Co.KG უწევს. ხოლო გრანტის სახით პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) აფინანსებს გერმანიასა და საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

Leave a Reply

Menu Title