კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

კორპორაციები მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან, რათა დააჩქარონ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები და შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. თუმცა ეს ბევრი მათგანისთვის, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ რთული პროცესი ჩანს.

კლიმატის ინსტიტუტის (New Climate Institute) ახალი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც  ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ და არასწორ ინფორმაციას აქვეყნებენ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. მსგავს კომპანიებს შორის კი ისეთი გიგანტები არიან, როგორიცაა Google-ი, Amazon-ი, Ikea, Apple-ი და Nestle. ანგარიშში განხილულია არსებული კომპანიების მიერ საჯაროდ გამოცხადებული სტრატეგიები, სათბური აირების ემისიების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული.

კორპორაციული კლიმატის პასუხისმგებლობის მონიტორინგი (CCRM) არაკომერციული ორგანიზაციების New Climate Institute-ისა და Carbon Market Watch-ის მიერ ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, შესწავლილ კომპანიებზე სათბური აირების გლობალური ემისიის 5% მოდის, რაც მათი გავლენის მოცულობაზე მიუთითებს და ასევე ხაზს უსვამს უზარმაზარ პოტენციალს, რომელიც აღნიშნულ კომპანიებს კლიმატური ცვლილებების ლიდერობის მხრივ აქვთ.

ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის Nestle-მ, BBC News-თან ინტერვიუში ანგარიშის შედგენისას გამოყენებულ მეთოდს უნდობლობა გამოუცხადა და კლიმატური ცვლილებების შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიღებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. ხოლო Amazon-ის ინფორმაციით, მათ მიერ დასახული გეგმა ამბიციური, კლიმატური კრიზისის სერიოზულობიდან გამომდინარეა, და ახლა, როგორც არასდროს, მოქმედება აუცილებელია. თავად Amazon-ს 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა სურს, ოპერაციების გადართვა 100%-ით განახლებად ენერგიაზე კი 2025 წლისთვის დასახული მიზანია. Google-ი ნახშირბადნეიტრალურობის პირობას 2030 წლისთვის დებს, Ikea-საც ამ დროისთვის სურს, „კლიმატურად პოზიტიური“ გახდეს.

ანგარიშში თითოეულ ფირმას, განსხვავებული ხარისხის  ე.წ. „პატიოსნების ნიშანი“ მიენიჭა,   აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი შედარებით კარგად ახერხებს ემისიების შემცირებას, თუმცა არცერთი არ შეფასებულა „მაღალი პატიოსნებით“ (high integrity). კვლევით  შეფასდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემისიების ყოველწლიური გამჟღავნება, ემისიის წყაროების დაყოფა, ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხი. პრობლემაა ისიც, რომ კომპანიათა უმრავლესობის გეგმები არ მოიცავს ემისიების წარმოშობის ყველა გზას. მაგალითად, Apple-ის შემთხვევაში, კომპანიის ემისიების 70% მოდის მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე კომპანიის პროდუქციის მოხმარებისას, რასაც თავად ემისიების შემცირების გეგმა არ აერთიანებს.  მიუხედავად ამისა, კვლევითი ორგანიზაციების განცხადებით, ყველა კორპორაციას აქვს გაუმჯობესების პოტენციალი.

კლიმატის ინსტიტუტის დასკვნით, კომპანიების არსებული სტრატეგიები, განხორციელების შემთხვევაში, ემისიებს მხოლოდ 40%-ით შეამცირებს. 25 კორპორაციიდან კი მხოლოდ სამია მზად წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში ნახშირბადის ემისიების 90%-ით შემცირებისათვის: Maersk-ი, Vodafone და Deutsche Telekom-ი. რაც შეეხება სხვა გიგანტებს, კვლევის მიხედვით, „ზომიერად პატიოსანი“ Apple-ი აღმოჩნდა, „დაბალი პატიოსნებით“ Amazon-ი, Google-ი და Ikea გამოირჩევიან, ბოლო ადგილებს კი, Nestle და Unilever-ი ინაწილებენ.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title