ვენაში განახლებულ მოლაპარაკებაზე ირანის ბირთვული შეთანხმების “პერსპექტივა ჩანს”

ვენაში განახლდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება, რომლის მიზანია აღდგეს ირანის ბირთვული ხელშეკრულება. ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ შეთანხმების “პერსპექტივა ჩანს”.

მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, რუსეთი და არაპირდაპირი ფორმით აშშ, 28 იანვარს შეჩერდა, რათა დიპლომატებს საშუალება ჰქონოდათ თავ-თავიანთ დედაქალაქებში დაბრუნებულიყვნენ კონსულტაციებისთვის. ბოლო კვირებში მხარეები მიანიშნებენ პროგრესზე 2015 წლის ხელშეკრულების აღდგენის ძალისხმევაში – შეთანხმების, რომელსაც ირანისთვის არ უნდა მიეცა ატომური ბომბის შექმნის საშუალება, რისკენ მისწრაფებასაც საკუთრივ ირანი უარყოფს.

მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყარომ სააგენტო ფრანს-პრესს უთხრა, რომ დელეგაციები ავსტრიის დედაქალაქში 8 თებერვალს ჩავიდნენ.

თეირანმა 2015 წელს მიაღწია შეთანხმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რომლის ფარგლებშიც ისლამური რესპუბლიკა პირობას დებდა, რომ შეამცირებდა ბირთვულ აქტივობას, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ 2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, რამაც თეირანს უბიძგა თანდათანობით შეემცირებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title