მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

რა ინვესტიცია ჩაიდება და როდის დაიწყება გარდაბანში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა

საქართველოში, კერძოდ კი ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანია „მასდარის“ პროექტზე, რომელიც 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ეტაპზე დაახლოებით 120 ადგილობრივი დასაქმდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესცვლის შემდეგ კი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება.

,,ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს. მზის ენერგია არის განახლებადი რესურსი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ემისიები, შესაბამისად, მას წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადობის უფრო ფართო სტრატეგიაში, ასევე, ხელს უწყობს განახლებადი ენერგიასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ქვემო ქართლის რეგიონისთვის, კონკრეტულად კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დამატებითი შესაძლებლობაა – მშენებლობის ეტაპზე ადგილზე 100-დან 120 ადამიანამდე დასაქმდება, ოპერირების ეტაპზე კი 30. პროექტი ექსპლუატაციაში, მშენებლობის დაწყებიდან ერთი წლის ვადაში შევა“, – განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ დოლარია.

რაც შეეხება კონკრეტულად მშენებლობის დაწყების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ, დოკუმენტის ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში. დოკუმენტს კი მთავრობასა და კომპანიას შორის ხელი 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოეწერა. შესაბამისად, როდის დაიწყებს „მასდარის“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გარდაბნის რაიონში, უკვე ზაფხულში გაირკვევა.

„მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა. გასული ათწლეულის განმავლობაში, კომპანიამ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და მთელს მსოფლიოში სუფთა, განახლებადი ენერგიის, მდგრადი უძრავი ქონების და სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით უამრავი პროექტი განახორციელა. „მასდარის“ მთავარი კონცეფციაა, განავითარონ დაბალი ნახშირბადის დაბალანსებულ ურბანული განვითარება და სუფთა ტექნოლოგიური ინოვაციები.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მასდართან“ ხელშეკრულება, 2025 წლისთვის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთმა უკვე გააფორმა. 200 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური – Ayg-1 მეზობელ ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება. „მასდარი“ პროექტში 174 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

დღეს „მუბადალას“ კაპიტალიზაცია 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს დაინტერესებას მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, სხვადასხვა სექტორში და აქტივების კლასებში.

აქედან პროექტების საერთო ღირებულება Masdar Clean Energy- ის პორტფელში 8.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. „მასდარის“ საინვესტიციო წილი 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეგა კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 55000 დასაქმებული ჰყავს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title