ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო გარემო

ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო გარემო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო გარემოზე საუბრობს

– ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც ინვესტორები ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ, რა მდგომარეობაა ქართულ ენერგეტიკაში საინვესტიციო კუთხით, რა დამუშავებული და გამზადებული პროექტების შეთავაზება შეუძლია სამინისტროს ინვესტორებისთვის?

– დავიწყოთ იქიდან, რომ როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, სამინისტროს დაახლოებით 80–მდე პროექტი ჰქონდა დამუშავებული. საერთო ჯამში 1500 მგვტ–მდე სიმძლავრით. ამ 80 დამუშავებული პროექტიდან, დაახლოებით 45–ზე მემორანდუმი იყო გაფორმებული, საერთო ჯამში, 900 მგვტ–მდე ენერგიით, ხუდონის გარდა. რეალურად, როცა გადავხედეთ სიტუაციას, ამ 45 პროექტიდან მხოლოდ რამდენიმე მშენებლობა იყო დაწყებული, სულ საერთო ჯამით 80 მგვტ საერთო ენერგიით. სხვა ყველა დანარჩენ პროექტს სხვადასხვა სახის პრობლემები ჰქონდა: იურიდიული, ტექნიკური, სოციალური, გარემოს დაცვითი თუ სხვა.

ანალიზის შედეგად მივხვდით, რომ პროექტის გაცემის წესები საკმაოდ დაუხვეწავი და მოუქნელი იყო. ეს რეალურად ინვესტორს პრობლემას უქმნიდა, წესები მორგებული იყო იმაზე, რომ წინასწარ მომხდარიყო გარიგება და ამის შემდეგ ფორმალურად გაევლო გარკვეული პროცედურები კონკრეტული პროექტის მისაღებად. გარდა ამისა, საერთოდ არ იყო დამუშავებული მიდგომა იმ ინვესტორების მიმართ, რომლებიც პროექტებს თვითონ მოიძიებდნენ და ჩვენთან მოიტანდნენ. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი საწყისი ეტაპი იყო და გარკვეული სისტემა დაგვხვდა, თუმცა ამ სისტემას საკმაოდ ბევრი პრობლემა და ხარვეზი ჰქონდა.

რა ვქენით ჩვენ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. პირველი რაც გაკეთდა, ეტაპობრივად დავიწყეთ პრობლემურ მემორანდუმებში ხარვეზების აღმოფხვრა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, თითქმის ყველა მემორანდუმზე პრობლემები მოგვარებულია. ხარვეზები მხოლოდ 40 მგვტ საერთო ჯამში ჰესებს დარჩა და აქაც დაბრკოლებები ინვესტორების მხრიდან არის, ხშირ შემთხვევაში დაფინანსების მოუძიებლობის გამო. აქვე ვიტყვი, რომ იმ 900 მგვტ ჰესებიდან რომელზეც მემორანდუმები გაფორმებული გვქონდა, 200 მგვტ უკვე ექსპლუატაციაში შესულია და ამ ენერგიას საერთო ჯამში 7 ჰესი გამოიმუშავებს.

ამის შემდეგ ჩვენ ჰესები კატეგორიების მიხედვით დავყავით, კერძოდ: პირველი კატეგორია არის ჰესები, რომლებზეც გარკვეულ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებს ვატარებთ და სახელმწიფოს სიაში შეგვყავს, ხოლო მეორე კატეგორია უკვე მიმდინარე მშენებლობებია.

ასევე შეიცვალა ტენდერის ჩატარების მიდგომები და პირობები. ადრე ტენდერებისადმი შემდეგნაირი მიდგომა იყო: გამოაცხადებდნენ ორთვიან ტენდერს, შერჩევის კრიტერიუმები მხოლოდ მოკლე ვადები და დიდი გარანტიები იყო. აქ მოყვანილი არცერთი კრიტერიუმი გონივრული არ არის, იმისთვის, რომ რეალურად შეაფასო ინვესტორი. ფურცელზე ნებისმიერი ვადის დაწერა შემიძლია, ოღონდ შესრულდება თუ არა ეს, საკითხავია. დიდი გარანტიების არსებობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი აუცილებლად შესრულდება. ჩვენი ამოცანა კი შედეგის მიღებაა. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაწესეთ ერთადერთი კრიტერიუმი: იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინვესტორს სურს, რომ ჩვენი ჰესებიდან რომელიმე მიღოს, ვაცხადებთ ტენდერს და ერთადერთ კრიტერიუმად ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდ ფასს ვდებთ. ანუ გამარჯვებული იქნება ის, ვინც უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს.

ჩვენ ასევე შევცვალეთ გარანტიების სისტემა, კერძოდ, ერთი დღის გადაცდომის შემთხვევაშიც სახელმწიფო უფლებამოსილი იყო მოეხსნა გარანტიები ინვესტორისთვის. ჩვენ ეს წესი შევცვალეთ და გადაცდომის ვადა 30 დღემდე გავზარდეთ. ამასთანავე, გარანტიების მოცულობა 50 პროცენტამდე შევამცირეთ, რაც თავისთავად ინვესტორის მოზიდვისკენ მიმართული წამახალისებელი ქმედებაა.

– ანუ გინდათ თქვათ, რომ ლოიალურობა ინვესტორის მიმართ გაზრდილია?

– რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად ლოიალურები ვართ ამ კუთხით, ასევე ამ ნაბიჯით მშენებლისთვის რისკი შემცირდა. ამასთანავე, პროცესი ორ ნაწილად გავყავით – წინა სამშენებლო და სამშენებლო პერიოდად, რაც გულისხმობს იმას, რომ გაზრდილი გარანტიების მოტანა ინვესტორს მხოლოდ მშენებლობის პერიოდში სჭირდება 100000 დოლარის ოდენობით, ხოლო წინა სამშენებლო პერიოდზე 5000 დოლარი მგვტ-ზე.

ცვლილებებმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, შედეგად გამოიღო ის, რომ კონკურენცია გაიზარდა და 1 ჰესის შესყიდვაზე 5–6 ძლიერი კომპანია მოდის. ამ კონკურენციის შედეგად ფასებიც საგრძნობლად შემცირდა. თუკი ადრე ფასი 5.5–6 ცენტი იყო ახლა ეს ფასები 4–4.5 ცენტზე ჩამოვიდა.

საერთო ჯამში, ჩვენ შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ ეტაპზე 600 მგვტ მშენებლობები მიმდინარეობს. 800 მგვტ საერთო ჯამში ენერგიაზე მემორანდუმები მზად არის, ყველაფერი გამზადებულია და უახლოეს ვადებში მშენებლობები დაიწყება. ასევე, დაახლოებით 300 მგვტ ჰესებზე არის კვლევები ჩატარებული და გამზადებულია ტენდერზე გასატანად.
რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას თანხობრივად, მცირე და საშუალო ჰესები დაახლოებით 3–3.5 მილიარდ დოლარამდე საინვესტიციო ღირებულების არის, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ მხოლოდ მცირე და საშუალო ჰესებზეა საუბარი და ჩვენი გათვლებით დაახლოებით 3–4 წელიწადში ეს მშენებლობები უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციალს GEDF-ის ფონდი სწავლობს და დაახლოებით 1 წელიწადში ეს სამუშაო დასრულდება. ამ შესწავლის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ჩვენს სიას დაახლოებით 1000 მგვტ–მდე ჰესები კიდევ დაემატება.

– პატარა ჰესები ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ენერგოსექტორში ამინდს მაინც დიდი ჰესები ქმნის, რა ვითარებაა ამ კუთხით და რა სტადიაზეა მოლაპარაკებები ინვესტორებთან?

– მცირე და საშუალო ჰესების გარდა, კიდევ დიდი, სტრატეგიული ჰესები არსებობს, ესენია: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა, მათი საშუალო დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 1500 მგვტ-ია, ხოლო მათი საინვესტიციო მოცულობა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ პროექტების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ნენსკრის ჰესის თაობაზე საპარტნიორო ფონდს ფაქტიურად მოლაპარაკებები ბოლომდე აქვს მიყვანილი კორეულ კომპანიასთან. ნამახვანზე სექტემბერში მშენებლობის ნებართვის აღებას და ინვესტორებისთვის გადაცემას ვაპირებთ, იმისთვის, რომ დაიწყონ მშენებლობა. ხოლო, რაც შეეხება ხუდონს, წლის ბოლომდე მშენებლობის ნებართვის საკითხების მოგვარებას ვგეგმავთ და გვინდა, რომ 2016 წელს მშენებლობა დაიწყოს.

– ასევე ძალიან საინტერესოა რას სთავაზობს სახელმწიფო ინვესტორებს ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, არის თუ არა დამუშავებული რაიმე პროექტი და იჩენენ თუ არა პოტენციური ინვესტორები ინტერესს ამ კუთხით?

– ალტერნტიულ და განახლებადი ენერგიების წყაროებს, ენერგორესურსების კალათაში, როგორც დამხმარე პოტენციალს ისე განვიხილავთ. ასეთი ტიპის ენერგია ძალიან საინტერესოა, თუმცა დღესდღეობით ქარი საერთო მოხმარების 10%–ზე მეტს ტექნიკური თვალსაზრისით ვერ დაიკავებს. ხოლო რაც შეეხება მზეს, ჯერ კიდევ დიდი პერიოდია საჭირო, იმისთვის, რომ კომერციულად საინტერესო გახდეს და ფასი მისაღები იყოს.

აღნიშნული დარგის განსავითარებლად, ქარის ელექტროსადგურის “ქართლის” მშენებლობა დავიწყეთ. მშენებლობას ვეძახით, თუმცა აქ 2 ეტაპია, ეს არის ტურბინების შესყიდვა და მათი ტრანსპორტირება. ამის შემდგომ ტურბინების დამონტაჟებას დიდი დრო არ სჭირდება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადასულები ვართ მშენებლობის ეტაპზე, და 20 მგვტ ენერგიის გამომუშავება, ან ამ წლის ბოლოს ან შემდეგი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამ პროექტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, ინვესტორების მხრიდან, თუმცა ჩვენ პრინციპულად გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი დავასრულოთ და გავუშვათ ექსპლუატაციაში. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ამ სადგურის გაყიდვა. ასევე ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 100–150 მგვტ სიმძლავრის განვითარება არის შესაძლებელი და ვთვლი, რომ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებული, კარგი ინვესტორები შემოვლენ საქართველოში, დაახლოებით 300–350 მგვტ ქარის ენერგიის ათვისება იქნება შესაძლებელი.

– ენერგეტიკაში საინვესტიციო პროექტის შეთავაზების სხვადასხვა სამართლებრივი ფორმები არსებობს, როგორებიცაა მაგალითად: BOT,(Built Operate Transfer, დროებითი სარგებლობა) BOO, (Biult Own Operate, მუდმივი საკუთრება) და ა.შ. რა პირობებს სთავაზობს სახელმწიფო ინვესტორს?

– ჯერჯერობით ჩვენთან BOT,(Built Operate Transfer, დროებითი სარგებლობა)-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, იმიტომ, რომ საკუთრების ეს ფორმა მნიშვნელოვნად აძვირებს პროექტს და ინვესტორი ტარიფზე ფასის გაზრდას ითხოვს, ამიტომ გვირჩევნია ინვესტორს ჰესი BOO, (Biult Own Operate, მუდმივი საკუთრება) პრინციპით გადავცეთ და მინიმალური ფასები შევინარჩუნოთ.

– ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, თანამშრომლობთ თუ არა წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებიც ძირითადად ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობენ?

– დიახ, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ. მათთან ძალიან ღია და ტრანსფარენტული ურთიერთობის წესები გვაქვს. ფაქტიურად ხშირ შემთხვევაში ინვესტორებს სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, პიროვნულ დონეზე შეხვედრები არც სჭირდებათ ხოლმე. მათ პირდაპირ საიტზე, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ნახონ ნებისმიერი ინფორმაცია.
ჩვენთან ძალიან ხშირად საკონსულტაციო კომპანიები მოდიან და მათ სრულ ინფორმაციას ვაწვდით, ასევე საინვესტიციო დეპარტამენტი მათთან მუდმივ კავშირშია. ამას სტანდარტული სახე აქვს და ძალიან მარტივად ხდება ყველაფერი.

– საზოგადოებაში ძალიან აქტიურად არის საუბრები იმის თაობაზე, რომ ქართული ენერგეტიკის ძირითად ბირთვს რუსი ინვესტორები ფლობენ, რაც საზოგადოებაში გარკვეულ წილად შიშის საფუძველს აჩენს. საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ, აქვთ თუ არა სამართლებრივი ბერკეტები ინვესტორებს, რომ რეალური საფრთხე შეუქმნან ქართულ ენერგეტიკას და რამდენად საფუძვლიანია რუსი ინვესტორების მიმართ პანიკური განწყობა?

– ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე, რუსული წარმომავლობის კომპანიებთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. იქნება ეს “ინტერრაო”, “საქრუსენერგო” და ა.შ. იმ საკითხებზე, რაზეც მათთან შეხება გვქონდა, არანაირი პრობლემა არ გვქონია. ხოლო რაც შეეხება საფრთხეს რუსეთის მხრიდან, სულ რომ არ ჰქონდეთ საქართველოში აქტივები, ისედაც შეეძლებათ პრობლემების შექმნა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე პიკური მოხმარების პერიოდში. ამ ფონზე, ვფიქრობ თანამშრომლობა გაცილებით ხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე კონფრონტაცია.

Leave a Reply

Menu Title