თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

“დაზოგე წყალი” – გარემოსდაცვითი ონლაინ კამპანია

კბილების გახეხვის ან სახის დაბანის დროს წყლის დაკეტვის შემთხვევაში თქვენ 10-დან 18 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეგიძლიათ, ხოლო თუ სარეცხ მანქანას სრულად შეავსებთ, ერთ რეცხვაზე 80 ლიტრის. თუ შხაპის დროს შეამცირებთ, 125 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეიძლება.

ასევე, სასურველია თუ მხოლოდ იმ რაოდენობის წყალს აადუღებთ, რამდენიც გჭირდებათ.

ამ და სხვა რჩევებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, სენის ფეისბუკ გვერდზე შეხვდებით. „იმოქმედე კლიმატისთვის“ ასე ეწოდება CENN-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის თითოეული თვე სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკას ეძღვნება.

„კლიმატის ცვლილება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე ქვეყნების ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის შემცირების და ჩვენი წვლილის შეტანის მიზნით, 2022 წელი დავუთმეთ კლიმატის ცვლილებას და წამოვიწყეთ კამპანია „იმოქმედე კლიმატისთვის“ და შევქმენით თემატური კალენდარი, მაგალითად, იანვრის თვე დაეთმო საკვების ნარჩენების მართვას, თებერვალი წყლის დაზოგვის თვედ გამოვაცხადეთ“, – აცხადებს საქართველოს კლიმატის პროგრამის კომუნიკაციების ექსპერტი მარი კიკვაძე.

გაეროს წყლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, წყალზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ეს ნაწილობრივ მოსახლეობის ზრდითაა განპირობებული, ნაწილობრივ კი სხვადასხვა ინდუსტრიაში წყლის რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნით.

„საქართველოში წყალთან დამოკიდებულება ბევრ სტერეოტიპთანაა დაკავშირებული. ხშირად გვესმის, რომ საქართველო წყლის რესურსებით არის მდიდარი, რომ ჩვენთან მსგავსი პრობლემა არ დგას, მაგრამ რეალობა საერთოდ სხვა სურათს გვაძლევს, რადგან უკვე თვალითაც მარტივად ხილულია, როდესაც საქართველოს რეგიონებში დავდივართ საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით. სასმელი წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღესაც კი არსებობს ძალიან ბევრი ადგილი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოსახლეობას არ აქვს ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე“, — ამბობს CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გათვლებით, გაუმართავი, მწვეთავი ონკანით დღე-ღამეში, საშუალოდ, 150 ლიტრი წყალი იკარგება, ასანთის ღერისოდენა ჭავლით მჟონავი ონკანი დღე-ღამეში 450 ლიტრამდე წყალს ღვრის. ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთში დაუდევრად მიშვებული სარწყავი მილიდან კი კიდევ უფრო მეტი წყალი იკარგება.

ლევანის თქმით, ერთი ადამიანის მიერ დაზოგილი წყალი, შესაძლოა, პრობლემის მასშტაბთან შედარებით მცირე იყოს, თუმცა თუ მათ მიერ გამოქვეყნებულ რჩევებს ბევრი ადამიანი გაითვალისწინებს, ეს ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის.

წყარო: euronewsgeorgia.com

Leave a Reply

Menu Title