პრემიერის ინტერვიუ ბრიტანულ "ტელეგრაფში": აბრეშუმის გზას აქვს ახალი ენერგორესურსების შექმნის პოტენციალი

პრემიერის ინტერვიუ ბრიტანულ “ტელეგრაფში”: აბრეშუმის გზას აქვს ახალი ენერგორესურსების შექმნის პოტენციალი

საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს სავაჭრო აბრეშუმის გზის აგებას ბრაიტონიდან პეკინამდე, – ამ სათაურით სტატიას “ტელეგრაფში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველომ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს უმასპინძლა.

“ისევე როგორც ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი იყო ისტორიული მნიშვნელობის ბრიტანეთისთვის, საქართველოსა და ჩვენი რეგიონისთვისაც, ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ თბილისში ჩატარებული 2-დღიანი ფორუმი. დიდი მოლოდინებია ორივე ღონისძიებასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი აპირებს გახდეს ჩინეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, ამავე დროს საქართველოც ცდილობს გაზარდოს ინვესტიციები და ეკონომიკა ისტორიული აბრეშუმის გზის გაცოცხლებით. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზა წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან სახმელეთო გზას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებდა. ზუსტად ეს გზა გახდა კეთილდღეობისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების წყარო. მან ასევე ხელი შეუწყო სხვადასხვა ქვეყანას შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კულტურული ფასეულობების გაზიარებას. დღეს ჩვენ ახალი სიცოცხლე შეგვაქვს ამ გლობალური კეთილდღეობის და თანამშრომლობის დერეფანში. ჩემი მთავრობის მიზანია, ავაშენოთ აყვავებული საქართველო, რომელიც სტრატეგიულად იყენებს თავის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, როგორც უმნიშვნელოვანესი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც რეგიონალური გაცვლა-გამოცვლის ცენტრი, საქართველო არის ევროპისთვის ბუნებრივი დამკავშირებელი გზა აზიასთან”, – ნათქვამია სტატიაში.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ როგორც ევროპის ყველაზე აღმოსავლეთი სახმელეთო და საზღვაო წერტილი, საქართველო ყველაზე მოკლე გზაა ჩინეთთან ვაჭრობისთვის. იგი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირთან ახლო კავშირები, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით და მზარდი სავაჭრო კავშირები ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან, წარმოაჩენს საქართველოს როგორც იდეალურ პლატფორმას ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკური გაცვლა-გამოცვლის ადგილად.

“ასევე აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში საქართველომ უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და ასევე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პირველ შეხვედრას. საქართველოსადმი გლობალური დაინტერესება ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და სახარბიელო ბიზნესგარემო. საქართველოში მეწარმეებსა და კომპანიებს აქვთ წდომა აზიის და ევროპის მილიარდობით მომხმარებელზე; საქართველოს გავლით აზიიდან წამოსული პროდუქცია და ენერგოპროდუქტები გაცილებით სწრაფად აღწევს ევროპას. ეს პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს როლის წარმოჩენას, როგორც დამაკავშირებელი ხიდისა ევროპასა და აზიას შორის, არამედ ნიშნავს საერთო სარგებლის მოტანას ყველა ადამიანისთვის პეკინიდან ბრაიტონამდე, და უფრო შორსაც. აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიოს მოსახლეობის ორ-მესამედს და საერთო შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. მას აქვს პოტენციალი, გახდეს წამყვანი ძალა ვაჭრობის გაზრდის კუთხით, შექმნას ახალი ენერგორესურსები და მიწოდების ქსელები, ამავე დროს გაზარდოს კულტურული ფასეულობების გაცვლა-გამოცვლა. აბრეშუმის გზის ქვეყნები დინამიურები არიან, და ბოლო წლებში გატარებული რეფორმების წყალობით ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკები. იმის მიუხედავად, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ ინდივიდუალურად, რეგიონალურ თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მთლიანი პოტენციალის გამოყენების საქმეში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთის მთავრობა იყო ჩვენი ფორუმის თანაავტორი. პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ჩინეთის მხარდაჭერით აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ჩინეთის პრეზიდენტის მეთაურობით, ეს მხარდაჭერა გამოხატავს ჩინეთის ჩართულობას აბრეშუმის გზის აღსადგენად. დღეს პროდუქციის უმეტესობა ჩინეთიდან ევროპაში გრძელი საზღვაო გზებით აღწევს. აბრეშუმის გზაზე განლაგებულ ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრომლობით შეეძლებათ გაცილებით სწრაფად და იაფად გადაზიდონ სავაჭრო პროდუქტები ჩინეთიდან ევროპაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სტატიაში, თუმცა დასძენს, რომ საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა გაამარტივოს საბაჟო პოლიტიკა და შეამციროს ტარიფები, ასევე განაახლოს და განავითაროს ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ მიზნით, მისი თქმით, ფორუმზე შეჯამების სახით შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ინტეგრაციას დაეხმარება. მომავალ წელს კი გეგმის შესრულების შედეგების განხილვა იგეგმება.

“ჩვენი რეგიონისთვის იწყება ახალი ერა. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, თუმცა მე ძალიან მახარებს მომავალი ფორუმების პერსპექტივა, რომლებიც ხელს შეგვიწყობს ნათელი მომავალისკენ სავალ გზაზე. ამავე დროს, ბრიტანეთსაც დიდი შემოსავალი ელის ჩინეთთან ინვესტიციებისა და სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებით. ამასთანავე, ბრიტანეთს ძალიან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია ჩინეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენების შემთხვევაში. თუ ბრიტანეთი ისეთივე წარმატებული იქნება ამ მიზნის მიღწევაში, როგორც საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმი, შესაძლებელი გახდება დიდი ნაბიჯები გადავდგათ შეუფერხებელი და ეფექტიანი სავაჭრო ქსელის ორ კონტინენტს შორის მშენებლობისთვის. ეს იქნება მშვიდობიანი და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის ახალი ერა”, – ნათქვამია სტატიაში.

“ტელეგრაფში” გამოქვეყნებული მასალის ქართულ თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title