„კომპანიებს ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების მატება უწევთ“ – გაიაფდება თუ არა ნავთობპროდუქტები

„ეს მოცემულობა სამწუხაროდ, დღეს ქმნის იმ რეალობას, რომ კომპანიებს ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში, საწვავზე ფასების მატება უწევთ, მათ შორის, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს“, – ამის შესახებ ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, რადიო ,,პალიტრისა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს, 1 ტონა ბენზინის და დიზელის ღირებულება (რა სახითაც იმპორტი ხორციელდება) კვლავ 1000 დოლარიან ნიშნულს აჭარბებს. შესაბამისად, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარება ფასების დასტაბილურების წინაპირობას არ იძლევა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ვითარება არის რაღაც არაორდინალური, პრაქტიკულად მსოფლიო არც ელოდა ასეთ გამოწვევებს და ვითარებას. რაც შეეხება სამომავლო ტრენდს, ფასებთან მიმართებით რა მოხდება, პირველი, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, ფაქტობრივად ბოლო დღეების განმავლობაში (უშუალოდ, 3 დღის განმავლობაში), ნავთობზე ფასი კლებულობს. რა თქმა უნდა, ნავთობზე ფასის შემცირება იწვევს საერთაშორისო ფასებზე პლატცის მიხედვითაც შემცირებას, თუმცა მიმდინარე ეტაპზე, 1 ტონა ბენზინის ღირებულება, საერთაშორისო ფასი, მაინც 1070 დოლარიან ნიშნულზეა, დიზელის შემთხვევაში – 1052 დოლარზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო, საწვავის საერთაშორისო ფასები მაინც მაღალ ნიშნულზეა და ეს ფასები რაც დღეს არის წარმოდგენილი, გლობალურ ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ვითარების დასტაბილურების საშუალებას არ იძლევა. ლარის გამყარება თუ შეუქცევადად გაგრძელდა, ანუ თუ ის პირობითად გააგრძელებს გამყარებას და 3.00 ნიშნულზე ჩამოვა, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ თუნდაც მიმდინარე ფასების სტაბილიზაციას ხელი შეუწყოს. მეორე, თუ საერთაშორისო ფასები კვლავინდებურად გააგრძელებს მნიშვნელოვან კლებას და ბარელი ნავთობი, რომლიც მიმდინარე ეტაპზე 100 დოლარს ზემოთ არის, ჩამოვიდა 100 დოლარის ქვემოთ, ესეც რა თქმა უნდა, დამატებითი პოზიტიური მომენტი იქნება, და ამას შეუძლია რაღაცნაირად ფასები დაასტაბილუროს, პირველ ეტაპზე. თუმცა, ის მოცემულობა, რაც გვაქვს, მიმდინარე ეტაპზე, მიმდინარე საერთაშორისო ფასები პლატცის მიხედვით რაც არის წარმოდგენილი, ბენზინზე, დიზელზე, რის მიხედვითაც ხორციელდება იმპორტი, პროდუქტი შემოდის და ლარის კურსით ხდება თვითღირებულების განსაზღვრა, ეს მოცემულობა სამწუხაროდ, დღეს ქმნის იმ რეალობას, რომ კომპანიებს ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასები მატება უწევთ, მათ შორის, როგორც ბრენდირებულს, ისე არაბრენდირებულს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title