IEA – რუსეთი ბაზარზე დღეში 3 მილიონ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ვეღარ გაიტანს

აპრილისთვის გლობალურ ბაზარზე დღეში 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ვეღარ გავა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) ყოველთვიურ მოხსენებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

IEA მთლიანი რუსული ექსპორტის დღეში 2,5 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებს, რაშიც ნედლი ნავთობის წილი დღეში 1,5 მილიონ ბარელს, ხოლო ნავთობპროდუქტების წილი 1 მილიონ ბარელს შეადგენს.

ამასთან, IEA მოელის, რომ ნავთობპროდუქტებზე რუსეთის შიდა მოთხოვნაც შემცირდება.

„რუსეთისთვის ეს დანაკარგები შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ აკრძალვები ან საჯარო სანქციები დაჩქარდება,” – ნათქვამია IEA-ს ანგარიშში.

რუსეთი ყოველდღიურად 7-8 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ეწევა.

IEA-მ მიმდინარე წლის მეორე-მეოთხე კვარტლის პერიოდისთვის, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი დღეში 1,3 მილიონი ბარელით, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ზრდის პროგნოზი დღეში 950,000 ბარელით, ანუ 2.1 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ეს პანდემიამდელ დონეზე დაბალი მაჩვენებელია, რაც ზედიზედ მესამე წელია, რაც დაფიქსირდება.

IEA რუსეთის გარდა, მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებულ 31 ძირითად ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია პარიზში არის დაფუძნებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Brent-ის კლასის ნავთობის ფასი ბარელზე 140 დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title