საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საწვავის ფასმა პიკს მიაღწია და შემდეგი კვირიდან, წესით, გაიაფება უნდა დაიწყოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის. წინა კვირის ბოლოს 14 წლის რეკორდიც კი დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ ფასმა კლება დაიწყო და ახლა 1 ბარელის ღირებულება 100 დოლარის ფარგლებშია. მსოფლიოს ბირჟებზე არსებულმა მდგომარეობამ საქართველოზე გავლენა უკვე მოახდინა. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება, პარალელურად, ლარიც გაუფასურდა. ახლა საინტერესოა, მიაღწია თუ არა საწვავის ფასმა უმაღლეს ნიშნულს და როდიდან დაიწყება ფასების სტაბილიზაცია?

რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე,  საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ეს საქართველოზეც ნეგატიურად აისახა, საწვავის ღირებულება დღითი დღე იზრდებოდა და 1 ლიტრის ფასმა თითქმის 3.50 ლარს გადააჭარბა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო ბირჟებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და ნავთობი საგრძნობლად იაფდება, რასაც ეროვნული ვალუტის გამყარებაც ემატება. აშკარაა, რომ ბოლოდროინდელი პოზიტიური ცნობები ნავთობპროდუქტების ბაზარზე სტაბილიზაციას გამოიწვევს, თუმცა ზუსტად როდიდან, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ მომავალში ფასების სტაბილურობა მთლიანად საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული, რადგან ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა მიბმული. ამ ეტაპზე საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 3.20-3.25-ის ფარგლებშია და ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება.

„საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად შემცირდა ნავთობის ღირებულება, თუმცა რა იქნება უახლოეს მომავალში, რთული სათქმელია. ომიდან გამომდინარე, რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ეს ნიშნული შენარჩუნდება და შემდეგ ზემოთ წავა თუ ქვემოთ, რთული სათქმელია.

რეალურად, ღირებულების კლება და მატება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან საწვავი არის სრულად იმპორტირებული  პროდუქტი და 100%-ით ვართ საერთაშორისო ბაზარზე დამოკიდებული. იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო პერიოდში დიდი გაძვირება იყო და ახლა დიდი კლებაა, დანარჩენს კი უნდა დაველოდოთ. ვნახოთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია. ის ნიშნული თუ შენარჩუნდა, რომელიც დღეს საერთაშორისო ბირჟებზეა, მას ფასების კლება აუცილებლად მოჰყვება. ამ ეტაპზე, საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 3.20-3.25 ლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელისა – 3.30-3.35 ლარის დიაპაზონში“, – აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ნავთობის ფასის ზრდის გამო პრობლემებია საქართველოშიც. ჩვენი ქვეყანა სრულად იმპორტდამოკიდებულია საწვავზე, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. თანაც, ნავთობის ღირებულება წლის დასაწყისიდანვე ისედაც იზრდებოდა, რაც მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული. საბოლოოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია ფასების არასტაბილურობაზე. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ნედლი ნავთობის ფასმა ანტირეკორდი დაამყარა და 1 ბარელის ღირებულებამ 134 დოლარსაც მიაღწია.

დიდი გაუფასურების შემდეგ,  მსოფლიო ბაზარზე პოზიტიური ნიშნები გამოჩნდა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობმა გაიაფება დაიწყო და 1 ბარელის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულთან მივიდა, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ფასები ნელ-ნელა უკან დაიწყებს სვლას.

თუ ნავთობმა გაიაფება მალე არ დაიწყო, მიმდინარე პროცესები საგაზაფხულო სამუშაოებზეც უარყოფითად აისახება. სულ მალე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყება და გლეხებს ასეთი ძვირი საწვავით მიწის დამუშავება ძალიან გაუჭირდებათ. საბოლოოდ, ყველაფერი, ჯამში,  ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად.

როგორც აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, თუ მსოფლიო ბაზარზე ისეთი მოცემულობა გაგრძელდა, როგორიც დღეს გვაქვს, მომავალი კვირიდან უკვე შესაძლებელი იქნება, საცალო ქსელებში საწვავმა გაიაფება დაიწყოს.

„ეს იყო საწვავის რეკორდული გაძვირება, რადგან 1 ლიტრის ფასი ლამის 4 ლარს მიუახლოვდა. ისეთი სოციალური მდგომარეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ფასი კატასტროფაა. თანაც, ნავთობპროდუქტების ღირებულება შემდგომში ისახება სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურების ღირებულებაში, სხვადასხვა პროცენტული წილით, რაც ნიშნავს ინფლაციაზე მნიშვნელოვან წნეხს.

ღირებულების მაქსიმუმი დამოკიდებულია სხვადასხვა პარამეტრზე, ვალუტაზე თუ გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე ნავთობის ფასზე. საბედნიეროდ, უკვე კვირაზე მეტია, პოზიტიური ტენდენციებია ორივე კუთხით. ეროვნული ვალუტა, დაახლოებით, 20 პუნქტით არის გამყარებული და ახლა ნელი ტემპით, თუმცა ისევ გამყარებისკენ მიდის. ასევე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი უკვე კვირაზე მეტია, მნიშვნელოვანად იაფდება. მაგალითად, თუ ერთი კვირის წინ ერთი ბარელის ფასი 130 დოლარს აჭარბებდა, დღეს უკვე 99 დოლარს შეადგენს. ზოგადად, ნავთობი 100  დოლარს რომ ჩამოსცდება, უკვე კარგი მაჩვენებელია. ამ სცენარის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგი კვირიდან ადგილობრივ საცალო ქსელში საწვავმა გაიაფება უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ბაირახტარმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ფასის გამო მეწარმეებს ან ფერმერებს ზიანი მიადგებათ, კარგი იქნება საგადასახადო შეღავათების დაწესება, რაც როგორც ეკონომიკაზე, ასევე მეწარმეებზე პოზიტიურად აისახება.

„სიძვირე კარგად არავისზე არ მოქმედებს, თუმცა ნებისმიერი კუთხით სუბსიდირება ჩემთვის მიუღებელია. ეს, ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, მიმაჩნია არამიზნობრივად და გაუმართლებლად. თუ გვსურს, ფერმერს, მეწარმეს ან სხვა მიმართულების წარმომადგენელს შევუმსუბუქოთ საწარმო ხარჯები, არსებობს სხვა, ბევრად უფრო ქმედითი ბერკეტები, ვიდრე სუბსიდირებაა. ამისათვის ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი, დაწყებული ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, გაგრძელებული ევროპის სახელმწიფოებით.

ქვეყნებმა, ერთი მხრივ, თავიანთი წარმოების წასახალისებლად და, მეორე მხრივ, ინფლაციის მეტ-ნაკლებლად დასასტაბილურებლად უკვე დაიწყეს შეღავათების დაწესება სხვადასხვა საქონელზე და მათ შორის _ ნავთობპროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ფერმერებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებსა და სხვა წარმომადგენლებს შეუმცირდეთ ხარჯები, ამაზე პასუხი მარტივია – ეს უნდა გაკეთდეს სწორი და უფრო მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის მეშვეობით და არა _  სუბსიდირებით“, – დასძინა „რეზონანსთან” ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნავთობის ფასმა 130 დოლარს გადააჭარბა და 14-წლიანი რეკორდი მოხსნა, ახლა კი მისი ღირებულება 100 დოლარის ფარგლებშია.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title