დედამიწის ორივე პოლუსზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

დედამიწის ორივე პოლუსზე არსებული რეკორდული სითბური ტალღები კლიმატურ მეცნიერთა განგაშს იწვევს. მათი შეფასებით, ეს მოვლენები უპრეცედენტოა და შესაძლოა, უფრო სწრაფ და მკვეთრ კლიმატურ აშლილობაზე მიუთითებდეს.

ამავე დროს, დნობის ნიშნები დააფიქსირა ჩრდილოეთ პოლუსის სიახლოვეს არსებულმა მეტეოროლოგიურმა სადგურებმაც, ზოგან კი ნორმალურზე 30°C-ით მაღალი ტემპერატურა.

წელიწადის ამ დროს, ანტარქტიდაზე ზაფხული მთავრდება და სწრაფად უნდა ცივდებოდეს, არქტიკაში კი დღის ხანგრძლივობა იზრდება და ზამთარი სრულდება. ორივე პოლუსზე ერთდროულად დაფიქსირებული ასეთი გათბობა უპრეცედენტოა.

პოლუსებზე ტემპერატურის მკვეთრი მატება დედამიწის კლიმატის სისტემებში არსებული დარღვევის გამაფრთხილებელი ნიშანია. შარშან, კლიმატური მეცნიერების ყოვლისმომცველი მიმოხილვის პირველ თავში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი გვაფრთხილებდა უკვე არსებულ უპრეცედენტო კლიმატურ სიგნალებზე, რაც გარკვეულ ცვლილებებს, მაგალითად პოლარულ დნობას იწვევდა და ეს პროცესი შეიძლება სწრაფად გამხდარიყო შეუქცევადი.

საფრთხე ორმაგია: პოლუსებზე სითბური ტალღები ძლიერი სიგნალია იმ ზიანისა, რასაც კაცობრიობა კლიმატს აყენებს; დნობამ კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს კასკადური ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ააჩქარებს კლიმატის რღვევას.

პოლარული ყინულის დნობისას, განსაკუთრებით არქტიკაში, მის ადგილას თავისთავად მუქი ზღვა ჩნდება, რომელიც უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, ვიდრე თეთრი, ამრეკლავი ყინული და შედეგად, პლანეტა კიდევ უფრო თბება. ანტარქტიდის ყინულის უმეტესი ნაწილი ხმელეთზეა და მისი დნობა ზღვის დონეს მაღლა სწევს.

მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ პოლუსებთან მიმდინარე მოვლენები „ისტორიული“, „უპრეცედენტო“ და „დრამატულია“.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის სისტემების მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მაიკლ მენი აღნიშნავს, რომ დაფიქსირებული ექსტრემალური ამინდი შემაშფოთებლად აჭარბებს პროგნოზებს.

„არქტიკისა და ანტარქტიდის გათბობა შეშფოთების საგანია, ასევე შემაშფოთებელია ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდად, რისი მაგალითიც არის პოლუსებთან აწეული ტემპერატურა. ზოგადი დათბობის შესახებ მოდელებმა კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ვირწმუნებოდით, ექსტრემალური მოვლენები მოდელთა პროექციებს აჭარბებს. ასეთი მოვლენები გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს“, — ამბობს მაიკლ მენი.

საგანგაშო სითბური ტალღები 2021 წელსაც დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული იყო აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, სადაც ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა.

Associated Press-ის ცნობით, ანტარქტიდის ერთ-ერთმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა საკუთარი მონაცემების რეკორდს 15 გრადუსით გადააჭარბა, კიდევ ერთმა სანაპირო სადგურმა კი, რომელიც სიღრმეში ყინვას აღრიცხავს, 7 გრადუსი დააფიქსირა ყინვის წერტილს ზემოთ. ამასობაში, არქტიკის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე 30 °C-ით მაღალია.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title