ვანო მთვრალაშვილი: ომის პირობებში გადასახადების გადახედვა საწვავს 90 თეთრით გააიაფებს

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი  მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და ისეთ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა მსოფლიოა (ომის პირობებში) საწვავზე გადასახადების  დროებით გადახედვას  ურჩევს.

მისივე განცხადებით, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეიძლება საწვავზე ფასების ზრდა შეკავდეს გადასახადების შემცირებაა. ამის მაგალითად მთვრალაშვილს პოლონეთი მოჰყავს. ანალოგიურ მოდელს განიხილავს ავსტრია, ჩეხეთი და გერმანიც.

„პოლონეთმა თებერვალში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 23%-დან 7%-მდე შეამცირა. შესაბამისად, გადასახადების შემცირებით, შიდა ქსელში  საწვავის ფასი შეამცირა,“ – აცხადებს მთვრალაშვილი.

მისივე შეფასებით, ანალოგიურის გაკეთება შესაძლებელია საქართველოშიც, შედეგად, შესაძლებელია საწვავის ფასის ჯამში დაახლოებით 90 თეთრით შემცირება.

„საწვავის ფასი არ მცირდება, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშოები იწყება, სადაც მთავარი კომპონენტი დიზელის საწვავია. ხომ წარმოგიდგენიათ სად წავა პროცესი. ჩვენ გადასახადების შემცირებაზე ომამდეც ვსაუბრობდით. დღეს აქციზის გადასახადი სულ რომ გაანულო, დიზელის საწვავს დაახლოებით 40-45 თეთრით შეამცირებ, თუმცა, ცალკე საკითხია ამის შედეგად ბიუჯეტში რა ოდენობის თანხა არ შევა.

დღგ სულ რომ გაანულო ეგეც ალბათ 50 თეთრით გააიაფებს საწვავს, ცოტა თუ ლარსაც გაამყარებ, მთლიანობაში ამ პირობებში შესაძლებელია საწვავის 90 თეთრით გაიაფება, ეს კი ცოტა არ არის,“ – აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს სხვადასხვა კონკრეტული ბერკეტებით  ნავთობის ფასების შეკავება მოახდინოს. მათ შორის, განიხილება ვენესუელას დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე (მას ნავთობის ექსპორტზე ემბარგო ჰქონდა), განიხილება ირანიც. თუმცა, ეს ორივე შემთხვევა იქნება სამომავლო გამოსავალი.

მთვრალაშვილის განცხადებით, განიხილება, რომ გაერთიანებულმა ემირატებმა გაზარდოს ნავთობის წარმოება.

„მსოფლიომ იცის, რომ ნავთობის ფასი იზრდება და მისი ყველაზე ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ინფლაცია, რომელიც ჯაჭვურად ეკონომიკის ზრდის ტემპზე პირდაპირ იმოქმედებს,“ – აცხადებს მთვრალაშვილი.

მისი განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე რთულია იმის პროგნოზი რა ნიშნულამდე გაიზარდება ფასი, ეს შეუძლებელია. ფაქტია ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასები იზრდება, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ფასების სტაბილურობაზე საუბარი ძალიან რთულია.

„22 თებერვლიდან დღემდე 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი პლატსის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, $192-ით (21%)  $1109-მდეა გაზრდილი. რაც შეეხება დიზელის საწვავის ფასს, 1 ტონაზე გაზრდილია $432-ით (52.5%) და $1256-ს შეადგენს. ხედავთ რა მასშტაბზეა საუბარი? სწორედ ეს იწვევს იმას,რომ დღეს დიზელის საწვავის ფასი საცალო ქსელში გაცილებით მაღალ მაჩვენებელზეა, ვიდრე სუპერის კატეგორიის საწვავის კატეგორიის მაჩვენებელი. ეს არის გლობალური ფასები და ამაზე დაყრდნობით ხდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს ყველაფერი არის ომის გავლენა, რომ არა ეს, მსგავსი სახის ნახტომისებური მატება არ მოხდებოდა,“ – აცხადებს მთვრალაშვილი.

მისივე განმარტებით, მეორე მხრივ პრობლემას ქმნის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. თუ რუსეთ-უკრაინის ომამდე კურსი იყო 3.0-იან ნიშნულზე, ახლა 1 დოლარი 3.25 ლარი ღირს. შესაბამისად, საწვავის ფასის ზრდაზე ეს კომპონენტიც მოქმედებს.

როგორც მთვრალაშვილი აღნიშნავს, ომის დაწყებიდან დღემდე დიზელი დაახლოებით 90 თეთრით გაძვირდა, რეგულარი – 60 თეთრით, პრემიუმი -65 თეთრით. ეს ყველაფერი კი ომის შედეგია. შედეგად, საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი  გახდა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, 17 თებერვალს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს.

დღეს ფინანსთა სამინისტროში “ბიზნესპარტნიორს” განუცხადეს, რომ ამ მიმართულებით დაზღვევის მექანიზმებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ  მიღებული არ არის.

Leave a Reply

Menu Title