ხორავა: საწვავი კიდევ გაძვირდება

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ აპრილის დასაწყისში საწვავის ფასი საქართველოში კიდევ გაიზრდება, თუმცა რამდენით, დაკონკრეტება უჭირს.

ხორავას განმარტებით, საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ტრენდს აჩვენებს, შესაბამისად მას შემდეგ, რაც ადგილობრივ იმპორტიორებს საწვავის დაგროვილი მარაგები ამოეწურებათ და ახალ შესყიდვებს გააკეთებენ, იძულებულები იქნებიან ფასთა სხვაობა საწვავის საბოლოო ფასზეც ასახონ.

„საქართველოში საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი არის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა. ლარში თუ ვიანგარიშებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაახლოებით ლარ-ნახევრით გაძვირდა საწვავი საერთაშორისო ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე ამას არ ჰქონდა მყისიერი ასახვა, თუმცა მარტის 15 რიცხვიდან აქაც დაიწყო ფასის ზრდა 10-15 თეთრით.

ეს განპირობებულია იმით, რომ ძველი მარაგები ფაქტობრივად უკვე იწურება და თვის ბოლოსთვის, ანუ მას შემდეგ, რაც მივიღებთ საწვავის ახალ პარტიას, რომელიც უკვე დატვირთულია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი გაიზრდება. თუმცა, ეს არ იქნება მყისიერი ზრდა, როგორც საერთაშორისო ბაზრებს ახასიათებს. სამწუხაროდ, ნებისმიერი ახალი იმპორტის შემდეგ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვახდინოთ ფასის ზრდა“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ხორავამ.

მისივე განმარტებით, ახლა მათი მთავარი ამოცანაა, რომ მოხერხდეს იმ საოპერაციო მოგების შენარჩუნება, რომელიც კომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გაძვირების მიუხედავად საწვავის მოხმარება არ შემცირებულა და როგორც ხორავა აცხადებს, თებერვალთან შედარებით, მარტში გაყიდვები გაიზარდა კიდეც.

მზარდი ფასების პირობებში მომხმარებელზე ზეწოლის შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებად „ვისოლში“ საწვავზე აქციზის და დღგ-ს გადასახადის შემცირებას ასახელებენ. თუმცა, ხორავას განმარტებით, ამ მომენტისათვის აქციზისა და დღგ-ს წილი საწვავის ფასში 10-15%-ს არ აღემატება და მათი გაუქმება ან შემცირება მომხმარებლისა და კომპანიისთვის დიდი შეღავათი ვერ იქნება.

საქართველოში ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი 4 ლარს უკვე აჭარბებს.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, არსებობს პროგნოზები, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა, $200-მდე გაიზარდოს.

23 მარტის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 121.60 დოლარი შეადგინა.

წყარო: “ბიზნესფომრულა”

Leave a Reply

Menu Title