შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აპრილში დაიწყება

საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.

თითქმის ერთწლიანი სატენდერო პირობების შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აპრილში პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. მანამდე კი გამოვლინდება კომპანია, რომელმაც საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის მომგებიანობა უნდა შეისწავლოს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურების დასრულების პროცესი მიმდინარეობს.

„გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჩაატაროს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც 2022 წლის აპრილში დაიწყება და კვლევის შედეგები 18 თვეში გამოქვეყნდება. კვლევა გამოავლენს, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და რამდენად მომგებიანი იქნება. საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა გადამცემი და ციფრული კავშირის ხაზის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავს დააკავშიროს საქართველოს და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები (უფრო ფართე გაგებით – სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ბალკანების რეგიონები) შავი ზღვის გავლით. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად ეს უნდა იყოს 500 კილოვოლტიანი მუდმივი დენის კაბელი დაახლოებით 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანობით,“ – აღნიშნულია ელექტროსისტემის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

თუკი ეს პროექტი განხორციელდება, შესაძლებელი გახდება რომ საქართველო, შავი ზღვის ქვეშ გამავალი წყალქვეშა გადამცემი ხაზით, ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელს მიუკავშირდეს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. სპეციალისტების შეფასებით, საქართველო რუმინეთის წყალქვეშა კაბელის პროექტს რეგიონალური დატვირთვა აქვს. რაც შეეხება ბენეფიტებს, რასაც საქართველო მიიღებს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, წყალქვეშა ენერგო გადამცემ ხაზს შესაძლოა სამი დატვირთვა ჰქონდეს. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის იმპორტის წყაროების დივერსიფიცირება, მეორე – წყალუხვობის პერიოდში, როცა საქართველოში არსებულ გენერაციის წყაროებს ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ექნებათ, ამ ქსელით ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობა გვექნება, და მესამე რეექსპორტი, ანუ შავი ზღვის ქვეშ გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელს სატრანზიტო ფუნქცია ექნება და მისი საშუალებით, საქართველოს გავლით ევროპას შეგვიძლია მივაწოდოთ აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგია.

Leave a Reply

Menu Title