გოლეთიანი: როცა კარვებს ავიღებთ, გვინდა, აქცია ჩავატაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება

„ჩვენს რეალობაში ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, სახალხო ერთობას და სახალხო გაერთიანებას მსგავსი შედეგისთვის მიეღწიოს”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტას ულოცავს:

„გვაქვს გარკვეული გეგმები, როცა ავიღებთ ამ კარვებს, გვინდა, აქცია ჩავატაროთ. დავთქვამთ თარიღს. გვინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე გულით იყო ჩართული ამ პროცესში, მოვიდეს ჩვენთან, ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება და თან დავსახოთ ბრძოლის გეგმა, ვინაიდან ამით არ ამოიწურება ეს საკითხები. უმნიშვნელოვანესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, კვლავ არის უამრავი შეკითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. მათ შორისაა მიწის დაბრუნების საკითხი. ასევე, მოითხოვს დებატებს ეკონომიკის მინისტრთან.

„რა ბედი ეწევა იმ მიწას, რომელიც კომპანიაზე იყო გადაცემული, როგორ დაბრუნდება მიწები – ამაზე ჯერ არ გვაქვს პასუხი…

ახლა ჩვენ ველოდებით მკაფიო განმარტებებს ხელისუფლებისგან, როგორია ხელშეკრულების გაწყვეტაზე მათი პოზიცია, ასევე – მიწის საკითხთან დაკავშირებითაც და იმ დებატებზეც, რომელსაც მთელი ეს პერიოდია, ვითხოვთ. ვინაიდან ისინი, ფაქტობრივად, იტოვებენ ფორას, რომ გააგრძელონ მოსახლეობის, ჩვენი, დისკრედიტაცია, შორიდან ლანძღვა, რომ აგენტები ვართ და სხვის ინტერესებს ვატარებთ. საკმარისია, ეს ხალხი დებატებში დაგვიჯდეს, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამიტომ მოვითხოვთ, რომ დებატები შედგეს ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრთან“, – განაცხადა გოლეთიანმა.

Leave a Reply

Menu Title