რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

ვახტანგ ჭარაია: რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ენერგობაზარი მნიშვნელოვნად არია

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელია, მისმა ომმა უკრაინაში და მასზე დაწესებულმა უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა მნიშვნელოვნად არია მსოფლიო ენერგობაზარი. ერთი მხრივ, წნეხი აძვირებს ენერგორესურსებს და ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთის რესურსებზე სრულიად უარის თქმა დასავლეთის მხრიდან ენერგორესურსს, სავარაუდოდ, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანს. ფასების ზრდა კი სენსიტიურია როგორც განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე, განვითარებული ქვეყნებისათვის და ამის მაგალითებს პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაწყდებით დასავლეთის ქვეყნებში სისტემატური საპროტესტო აქციების სახით“, – ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

„თავისუფლება ძვირი ღირს, თუმცა საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საიმედოდაა დაცული, ცალკეულ ასპექტებში კი გამოწვევები დიდია, მაგალითად:

– ბუნებრივი აირის შემთხვევაში, მომარაგება 90%-ზე მეტი აზერბაიჯანთან გრძელვადიან კონტრაქტებს ეფუძნება, რასაც ემატება შაჰდენიზიდან დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი ტრანზიტის შედეგად მიღებული გაზრდილი სატარიფო შემოსავალიც;

– ელექტროენერგიის შემთხვევაში საქართველო იმპორტს ახორციელებს კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ფასის მიხედვით, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას სიმბოლურს ხდის. ნებისმიერ მომენტში საქართველოს გააჩნია სხვა მეზობელი ქვეყნების ალტერნატივა. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე როგორც ირკვევა რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფები უცვლელია;

– ომის გამო გართულებულია მდგომარეობა ნავთობპროდუქტების კუთხით, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მსოფლიო მასშტაბით. ნავთობპროდუქტების ფასი ნავთობის არამწარმოებელ ქვეყნებში საშუალოდ 20%-ითაა გაზრდილი, მათ შორის საქართველოშიც. სამწუხაროდ წნეხს განიცდის საქართველოც, რომლისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა ელექტრომობილების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზება თუ იქნება, თუმცა ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია.

სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ თუ მსოფლიოსთვის რუსეთის ენერგორესურსები ყოფილა სენსიტიური, არანაკლებ მტკივნეული ყოფილა უკრაინული სურსათის (რუსეთთან ერთად) ბაზარზე არმიწოდებაც, რასაც მსოფლიო სასურსათო სტაბილურობის შერყევაც კი შეძლებია. გამოსავალი დივერსიფიცირებასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაშია, რასაც არც თუ ისე იშვიათად თავადვე ვაბრკოლებთ და ამისი ნათელი მაგალითია ჰესების მიმართ აგორებული აგრესიული მოწოდებები და შედეგად ჩაგდებული მილიარდობით დოლარის პროექტები. ისევე როგორც თავისუფლება ღირს ძვირი, უფასო და უმტკივნეულო არც განვითარების საფასურია. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო რთული იქნება ნებისმიერი შემდგომი რეგიონული თუ მსოფლიო გამოწვევა“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

Leave a Reply

Menu Title