საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საწვავი მალე 50-60 თეთრით გაიაფდება? – გაირკვა გზები, რომლითაც მთავრობა ნავთობპროდუქტების ფასს შეამცირებს

მთავრობა საწვავის ფასი შემცირების მექანიზმზე მუშაობს. რა მოდელი შეიძლება დამკვიდრდეს,  რაღაც კონტურები უკვე  ცნობილია. ნათელია, რომ საწვავზე გადასახადებს არ შეამცირებენ, თუმცა საუბარია ფასის დაზღვევის მექზნიმზე, ასევე აქციზის დიფერენცირებულ მოდელზეც, როდესაც სხვადასხვა მარკის საწვავი განსხვავებული განაკვეთით შეიძლება დაიბეგროს, რაც ფასების დაბალანსებას შეუწყობს ხელს. თუმცა ყველაზე ისაა, რომ მთავრობა კონკრეტულ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებას საწვავის დაბალ ფასში შემოტანასტან დაკავშირებით.

საწვავი გამუდმებით ძვირდება და ეს პროცესი ძალიან  დიდ გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე, ასევე ინფლაციაზე. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე  1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 4 ლარს მიაღწია ანდა გადააჭარბა კიდეც.

ასეთ ფონზე მოქალაქეებმა ორიოდე დღის წინ  რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაიაფების მოთხოვნით აქციას გამართეს.  მათი ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

თუმცა მთავრობას სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანაში საწვავის ფასები ისედაც შემცირდება. ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ შეიძლება უფრო უპრიანი სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იყოს.

,,რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ღირებულების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და არის მოლოდინი, რომ ბაზარზე შეიძლება უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს. გარკვეულწილად ის პიკური ფასები გადაივლის და რაღაც დროის შემდეგ უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს. საწვავთან მიმართებით გაიაფებას  ველოდებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დაიწყებულია მუშაობა დაზღვევის მექანიზმეც, თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ეს არ იქნება აქციზის ე.წ. საფეხურებრივი სისტემა.

,,ასეთი სისტემა პრაქტიკულადაც არ არსებობს. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასებისა, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ 3-4 საფეხური გაკეთდეს. ეს, პრაქტიკულად, რთულად ადმინისტრირებადია და ბევრი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

იგი გამოეხმაურა საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელიც საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითვალისწინებს.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსის მოთხოვნებია, რაც დღეს არის დაყენებულის საწვავის ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულად დღგ-სთან მიმართებით. ესაა საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდეა ამიტომ ამხელა ტიპის შემოსავლების დაკლებაზე საუბარი, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული  მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი” – აღნიშნა მინისტრმა.

დეტალები, რა შეიძლება გაკეთდეს, უცნობია ანალიტიკოსებისთვის, თუმცა რამდენიმე ვერსიაზე,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა ეკონომისტმა  გიორგი ცუცქირიძემ, რომლის ინფორმაციითაც, საბოლოოდ შეიძლება მაინც დიფერენცირებული მოდელის შემოღება გადაწყდეს.

,,საწვავის ფასი ეფუძნება ნედლი ნავთობის ღირებულებას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა რუსეთ-უკრაინი ომის და დასავლეთის სანქციების საპასუხოდ. რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში მის შესამცირებლად, ამის მექანიზმები არსებობს საწვავის ფასში შემამავლი კომპონენტებზე ზემოქმედებით, თუნდაც აქციზის და დამატებული ღირებულების გადასახადის ნორმის ცვლილებით, რაზეც მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა. იმედია, მალე ამ გადაწყვეტილებების მომსწრენიც გავხდებით.

არსებობს აქციზის დიფერენცირებული მოდელიც, როდესაც სხვადასხვა მარკის საწვავი განსხვავებული განაკვეთით იბეგრება, რაც ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს. მაგალითად, შედარებით ძვირადღირებული და მოთხოვნადი მარკის ბენზინი ნაკლები სააქციზო განაკვეთით დაიბეგროს, რაც ფასებს დაარეგულირებს. სხვა გზა არის დღგ-ს განაკვეთის დაწევა ყველა ტიპის ბენზინზე ან ორივე ამ ვარიანტის კომბინაცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ფასთან დაკავშირებით პროგნოზს ნეგატიურად აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, დრამატულად მძიმე სიტუაციაა და ამ დროს მთავრობის მხრიდან ფასების შემცირების მიმართულებით გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.

,,ფაქტია, რომ ფასი იზრდება და მოლოდინიც მძიმეა. თუ რა შეიძლება გაკეთდეს მთავრობის მხრიდან, კონკრეტულად გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ზოგადად ფასთან დაკავშირებით არის დრამატულად რთული მდგომარეობა. მსგავსი რთული სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირში, ასევე რეგიონშიც. ყველგან ნახტომისებურად მზარდი ფასებია. ასეთ ფონზე პროგნოზი ოპტიმისტური ვერ იქნება.

ომის დაწყებიდან დღემდე ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია 200 დოლარით 1 ტონაზე, რაც არის 22%-იანი მატება, ხოლო დიზელი 405 დოლარითაა გაძვირებული, რაც 50%-იანი მატებაა. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი, რამაც რთული მოცემულობა შექმნა. ფასის დასტაბილურება მიმდინარე ეტაპზე ძალიან გაჭირდება”, – განაცხადა მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ლარის კურსი გამყარდეს, რაც საწვავის ფასს შეამცირებს.

,,იდეალური ვარიანტია, რომ ლარმა დაიწყოს გამყარება, რაც ყველა იმპორტირებული პროდუქტის ფასზე იმოქმედებს, მათ შორის საწვავზეც. თუკი გადასახადებს შევამცირებთ, ის პირდაპირ იმოქმედებს საწვავის ღირებულებაზე, მაგრამ ამას აქვს სხვა ნეგატიური მხარე, როგორიცაა გარანტირებული საბიუჯეტო შემოსავლები, რასაც სახელმწიფო ვეღარ მიიღებს. რას განიხილავენ და როგორ ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არაფერია, მთავრობაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ უშუალოდ საწვავის იმპორტიორებს. ერთ-ერთი მათგანი, “სენტა პერტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საქართველოში საწვავის გაიაფების მექანიზმებზე დეტალურად საუბრობს. მისი ინფორმაციით, საქართველომ შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნებიდან საწვავი გაცილებით იაფად მიიღოს, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასია. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს და თუ შეთანხმება შედგა, ერთ ლიტრ საწვავზე სხვაობა შესაძლოა, 50-60 თეთრი იყოს.

“საქართველოს მთავრობა ცდილობს და უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან. მიდის საუბარი, რომ შესასყიდი ფასი საქართველოსთვის იყოს იაფი, ვიდრე საერთაშორისო ბაზრის ფასებია.

მაგალითად, “პლატცის” მიხედვით თუ 1 ტონა ბენზინის ფასი 1100 დოლარია, შეიძლება მინიმუმ იგი 300 დოლარით შემცირდეს (სპეციალურად საქართველოსთვის). ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს გამოიწვევს დაახლოებით 50-60-თეთრიან სხვაობას (ერთ ლიტრზე)”, – განუცხადა “საქმის კურსს” იაკობიძემ.

ბიზნესმენი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროცესი ძალიან აქტიურია.

“როგორც ვიცი, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად უნდა გადაწყდეს საკითხი. ეს არის ყველაზე ქმედითი, რაც შეიძლება მოხერხდეს ამ სიტუაციაში, რადგან მთავრობა და მოსახლეობა ვერ შეცვლის ფასს, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე”,- დასძინა ზაალ იაკობიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ის “დაზღვევის მექანიზმი”, რასაც საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, ბიზნესმენი ამბობს, რომ დიდწილად, სწორედ ეს იგულისხმება.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title