მთვრალაშვილი: არ გამოვრიცხავ, საქართველომ რუსეთიდან საწვავი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ქართულ ბაზარზე მოხვდეს, რაც საქართველოში საწვავის ფასს შეამცირებს.

„მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა შემცირებულია, რადგან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და რიგი ქვეყნები უარს ამბობენ რუსული პროდუქტის შესყიდვაზე. შესაბამისად, დღეს რუსული ნავთობის ყოველდღიური გაყიდვები, უხეში გათვლით, 2 მლნ ბარელითაა შემცირებული. მომავალ თვეში შესაძლოა, 3 მლნ ბარელითაც შემცირდეს. ომი მიმდინარეობს, რაც სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა, მნიშვნელოვანი სანქციებისა და ზეწოლის ქვეშ არის, ამიტომ ის ბუნებრივია, ცდილობს, ბევრი პროდუქტი ფასდაკლებით გაყიდოს. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რუსეთიდან საქართველომ პროდუქტი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს. რამაც შესაძლოა, კონკრეტულად ამ პროდუქტზე ფასების არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ შემცირებაც გამოიწვიოს“,- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივ საწვავის ბაზარზე რუსეთის წილი 15%-დან 17%-მდე მერყეობდა.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარემ საწვავის გაიაფების ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფასის დასტაბილურებასა და შემცირებაში დიდ როლს ასრულებს ლარის კურსის გამყარება. რაც შეეხება ამ პროცესში აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების წილს, მისი განმარტებით, ორივე მათგანის გაუქმების შემთხვევაში, საწვავი, კერძოდ კი ბენზინი, 1 ლარით გაიაფდება.

გასულ წელს რუსეთი საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მეორე უმსხვილესი იმპორტიორი იყო, მთლიან იმპორტში 19.3%-იანი წილით.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციები რუსულ ნავთობსაც ეხება. რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. საკითხს განიხილავს ევროკავშირიც. რუსეთის ბაზარი დატოვეს დასავლურმა ენერგეტიკულმა გიგანტებმაც. გაყიდვების შესანარჩუნებლად გასულ კვირაში რუსეთმა ნედლი ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვა დაიწყო. რუსული “ურალის” ნავთობის ფასი თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე საშუალოდ $95,6 შეადგენდა, ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასი რეკორდულად გაიზარდა და ბარელზე 140 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა.

ამასთან, გაჩნდა მოლოდინი, რომ იაფად შეთავაზებულ რუსულ ნავთობზე გარიგებები არა საჯაროდ, არამედ კერძო შეთანხმებების საფუძველზე დაიდება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title