დავით სონღულაშვილი: ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაციის მიმართულებით

ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შესახებ კაჭრეთში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ და პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ასახულია ჩვენს ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული სისტემის, ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკა, ეროვნული მიზნები და ამოცანები, ენერგეტიკული გაერთიანების ძირითადი მიმართულებები და ამ ამოცანების მისაღწევად გასატარებელი ზომები. შეხვედრაში მონაწილე პარლამენტის წევრებმა, კომიტეტთან არსებული ენერგეტიკის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს, ენერგეტიკისა და კლიმატის ექსპერტებმა იმსჯელეს სათბური ემისიების შემცირების, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიების მოცულობის გაზრდაზე, ისაუბრეს ენერგეტიკული სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობებზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ენერგო-დამოუკიდებულებას, ენერგო-ეფექტურობას, დეკარბონიზაციას, შიდა ენერგობაზრის კვლევას და ინოვაციებს, ენერგო-კონკურენტობის ნაწილს, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა. ამ დოკუმენტის მიღება არის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) თანამშრომლობით გაიმართა.

Leave a Reply

Menu Title