ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა უნდა შეიცვალოს ნამოხვანჰესის პროექტში, რომ მოსახლეობას პროტესტი აღარ გაუჩნდეს?

ნამოხვაჰესის  მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკოსები მთავრობის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ელიან. უკვე მას შემდეგ, რაც თურქულ კომპანია “ენკასთან” თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, ქვეყანას ახალი ინვესტორის ძებნა მოუწევს. სპეციალისტები გამოსავალს ისეთ მექანიზმში ხედავენ, რითაც ჰესის მშენებლობა  შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს და ინვესტორის პარტნიორობით. მთავარ პრობლემად კი რჩება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რისთვისაც საჭიროა მეტი სიკეთის შეთავაზება სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ხალხმა გიგანტური ჰესის მშენებლობით მიიღოს.

გუშინ გამოქვეყნდა “ენკა ინსაათის” 2021 წლის ფინანსური ანგარიში,  რომლიდანაც გაირკვა, რომ სახელმწიფოსა და “ენკა რინიუებლზს” შორის ნამოხვაჰნესის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა.

ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ფიქრობს, რომ დღეს სხვა გამოსავალი არ არის და აუცილებლად უნდა აშენდეს დიდი სიმძლავრის ჰესი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის.

,,ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ზომები სასწრაფოდ არის მისაღები. ახალი ინვესტორი უნდა მოიძებნოს. არ ვიცი, რა მოდელს აირჩევს სახელმწიფო. გაკეთდა განცხადება, რომ რაღაც პროცენტს სახელმწიფო შეინარჩუნებს და საბოლოოდ პროექტი ინვესტორთან პარტნიორობით განხორციელდება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჰესი  სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის.

წლევანდელმა ზამთარმაც დაგვანახა, რომ უამრავი პრობლემა და საშინელი ენერგოდიფიციტი გვაქვს. გარკვეუული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ უნდა შეეცადოს მთავრობა, გამოცდილება არსებობს, რისი გათვალსიწინებაც შესაძლებელია.

ბალკანეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა, მსგავსი პროექტები ხორციელდება დასავლეთ ევროპაშიც. მოსახლეობასთან კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღწევა, როცა გარკვეულ სარგებელს ხალხიც ნახავს. ამ გზების ძიება და შესწავლა მიდის,  რამდენიმე მოდელი  უკვე დამუშავებულია, მათ შორის, განახლებადი ელეტროენერგიის ასოციაციას აქვს კანონპროექტი მომზადებული, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოც და ადგილობრივი თემიც იქნება კმაყოფილი“, – განაცხადა ,,რეზონანსთან“ მირცხულავამ.

მისი აზრით, ჰესების მშენებლობის გარეშე ვერც განახლებადი ელექტროენერგიის მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და დეფიციტს ვერაფრით ეშველება.

,,მძიმე დღეში ჩავვარდებით, თუ წყალსაცავიანი ჰესები არ გვექნება. ვხედავთ, რომ გაჩერებულია უამრავი პროექტი, ამასობაში იზრდება ენერგოდეფიციტი, შესაბამისად, მატულობს იმპორტი და უამრავი თანხა გადის ქვეყნიდან დენის შესაძენად.

დიდი პრობლემაა ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულების განვითარება, რადგან ქარიც და მზეც მოითხოვს სარეზერვო სიმძლავრეებს. ჩვენ დღეს არჩევანის საშუალება არ გვაქვს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარებას  მაღალი სიმძლავრის ჰესები სჭირდება, ეს შემიძლია პირდაპირ დავადასტურო”, – აღნიშნა მირცხულავამ.

ენერგეტიკოსები შექმნილ სიტუაციაში აქცენტს აკეთებენ  სოციალურ კეთილდღეობაზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება და ენერგეტიკულ სიკეთესთან ერთად, რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ენგურისა და ჟინვალის წყალსაცავიან ჰესებს მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ პროტესტი შენებას საბჭოთა პერიოდშიც ახლდა, თუმცა სოციალური სარგებლის მიღების სურვილმა გადაწონა. რაც შეეხება ნამოხვანის ჰესს, ენერგეტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ის არ იყო  ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი.

,,ნამოხვანჰესთან დაკავშირებით პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ტექნიკური გადაწყვეტილებები არასწორად იყო მიღებული, რასაც ვერ გავიზიარებ. პროექტი საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციამ  გააკეთა და ასე ხელაღებით არ შეიძლება თქმა, რომ  სეისმომდგრადობაზე არ იყო გაანგარიშებული, არ არის გათვალისწინებული ჰიდროლოგია, ფლორა, ფაუნა და სხვა. მთავარი პრობლემა სულ სხვაა. საქმე ისააა, რომ ნამოხვანჰესის შემადგენელი ვერ გახდა სოციალური საკითხები, რომელიც რეგიონის განვითარებასთან იქნებოდა  დაკავშირებული.

პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოეგვარებინათ, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები, საავადმყოფო, სპორტული მოედნები და საწარმოები, რომლებიც ნაწილობრივ ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზეც იქნებოდა დაფუძნებული. ცხადია,  ასეთი პროექტი, პირველ რიგში, ადამიანების დასაქმებას უნდა უწყობდეს ხელს  და რეგიონის ეკონომიკის გაუმჯობესებას მოემსახუროს, რაც ამ შემთხვევაში ვერ დავინახე”, – განაცხადა ჭითანავამ ,,რეზონანსთან“.

მისიივე ინფორმაციით, სოციალური საკითხების მოგვარება თავის დროზე, საქართველოს დიდი ჰესების მშენებლობისას, საერთო ღირებულების 35%-ს იკავებდა.

,,საბჭოთა პერიოდში სოციალური ინტერესები პროექტში 30-35%-ის ფარგლებში მერყეობდა (საერთო ღირებულებიდან). ეს იყო სიმდიდრე, რაც ხალხს მხარდაჭერის სტიმულს აძლევდა ჰესების მშენებლობისას. შეიძლება, სტანდარტს ბევრი რამ შეესაბამება, მაგრამ ის საკითხები, რაც რეგიონის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურას, ასევე დასაქმების საკითხს უნდა პასუხობდეს, დიდ ხარვეზებს შეიცავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება კეთილდღეობას და განვითარებას ხალხი ეწინააღმდეგებოდეს. კარგი ცხოვრება, მაღალი ინფრასტრუქურა ყველასთვის მისაღები იქნება დიდი სიამოვნებითაც, მაგრამ ამას არავინ მიაქცია თავის დროზე ყურადღება.

სამომავლოდ, როცა ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ცხადია, პროექტის მოდერნიზებას მოხდება და სოციალურ საკითხს ერთ-ერთი მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც  ეს თავის დროზე კეთდებოდა”, – განაცხადა ჭითანავამ.

“ენკა” საქართველოში ჯამში 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა. 2021 წლის სექტემბერში ინვესტორმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორის გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოჰყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title