დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ამ პროექტის რეალიზაციას ხელი დიდწილად დაინტერესებულ მხარეებს შორის არასწორმა კომუნიკაციამ შეუშალა.

„ელექტროენერგიის გენერაციაში მეტი ინვესტიცია ნამდვილად გვჭირდება. გარკვეული მონახაზები უკვე გვაქვს. საერთაშორისო პარტნიორებთანაც მოგვიწევს კონსულტაციები და გეგმების შეთანხმება.

გენერაცია ვერ ეწევა გაზრდილი მოხმარებას და ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი. დღეები დაგვჭირდება, რომ საზოგადოებამ იხილოს კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესთან მიმართებაში“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს მეტი თანამონაწილეობა აუცილებელია.

Leave a Reply

Menu Title