რატომ შეიქმნა თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის საგანძური

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”კანონპროექტს განიხილავს. 

პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს და ნერგავს წყლის სააუზო მართვის სისტემას, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყანა დაიყოფა მდინარეების აუზებად და სწორედ, ამ აუზების ფარგლებში მსხვილი მდინარეები და მათი შენაკადებისათვის მომზადდება შესაბამისი სააუზო მართვის გეგმები. აღნიშნული მართვის სისტემა საშუალებას იძლევა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მდინარის წყლის ეკოლოგიური სტატუსი და ასევე, შეგროვდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წყლის რაოდენობის შესახებ. 

უფრო დეტალურად, კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს წყლების ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად დაყოფის საკითხი.

საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება:

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და წყლის ხელოვნური ობიექტები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; მიწისქვეშა წყლები; მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; ჭაობები; საქართველოს ტერიტორიული წყლები; განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; გარდამავალი და სანაპირო წყლები.

კანონპროექტი არეგულირებს წყლის რესურსების საკუთრების საკითხს. კერძოდ, წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის შესაძლებლობაც.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლეა, რომ აღდგება წყლის გამოყენების სანებართვო სისტემა, რომელიც საქართველოში 2008 წლამდე არსებობდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვის 3 სახეს: ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა; ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულინებართვა.

სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა გარემოს დაცვის სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე – მუნიციპალიტეტი.

ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა
არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთან, სპეციფიური ობიექტებისთვის/საქმიანობებისთვის დგინდება წყალსარგებლობის ნებართვების მოქმედების განსხვავებული ვადები. მაგ. საირიგაციო სისტემის წყალსარგებლობისთვის – არამუმეტეს 25 წელი, ჰესების და თბოელექტროსადგურების წყალსარგებლობისთვის – არაუმეტეს 49 წელი, მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის – არაუმეტეს 30 წელი.

ამასთან, კანონპროექტით, გაფართოვდება წყლის რესურსების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ მაჩვენებლებზე სახელმწიფო მონიტორინგი.

წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა იქნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ჰიდროქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიანი სისტემა, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების, საშიში და კატასტროფული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება. წყლის სახელმწიფო მონიტორინგს განახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო. 

რაც შეეხება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას – აღნიშნულ აღრიცხვას განახორციელებს სამინისტრო და მას დაექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის წყლის აღება, ან/და წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება. გარდა ამისა, ასევე მოხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილების აღრიცხვაც.

კანონპროექტით, დარეგულირდება წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური მექანიზმები. კერძოდ, დადგინდება, რომ ზოგადი “ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან” გამომდნარე, სპეციალური წყალსარგებლობისთვის პირები გადაიხდიან შესაბამის მოსაკრებელს. (ამ ნორმის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლიდან). 

Leave a Reply

Menu Title