კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორებმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

„კოორდინატორებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ინფორმაცია გააცნეს GCF-ის პროექტის მიმდინარე აქტივობებისა და საინფორმაციო კამპანიების შესახებ, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვისთვის შემუშავდა. აბაშის, ახმეტის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, სამტრედიის, სენაკის, სიღნაღის, ქობულეთისა და ხობის მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისთვის საჭირო ზომები და ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. შეხვედრების მიზანი რისკების მართვის ღონისძიებებში სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლებს, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიაწოდეს ინფორმაცია გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

2019 წელს, საქართველომ მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამა საქართველოს მთვარობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროგრამას აფინანსებენ კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფათა რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title