საწვავის იმპორტში გადახდილი ფული იანვარ-მარტში 72%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით ძვირი, $245 მლნ დაუჯდა, ეს მაშინ როცა, უშუალოდ იმპორტირებული საწვავის მოცულობა მხოლოდ 1.7%-ით 257 ათას ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 135 ათასი ტონა ბენზინი იყო და 122 ათასი ტონა დიზელი.

იმპორტის 27% – 69.4 ათასი ტონა რუმინეთიდან განხორციელდა, 20.9% – 53.7 ათასი ტონა რუსეთიდან, 20.8% – 53.5 ათასი ტონა ბულგარეთიდან, 15.7% – 40.4 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან, 11.9% – 30.6 ათასი ტონა თურქმენეთიდან. დანარჩენი ქვეყნების წილი 10%-ზე ნაკლებია.

საწვავის მსგავსად მკვეთრად – 43%-ით $184 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც. გაზის ბაზარი უფრო ჩაკეტილია და მოცულობებთან დაკავშირებით მიმდინარე მონაცემები არ საჯაროვდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შედგენილი ბალანსის მიხედვით 2022 წელს საქართველოს 2.727 მლრდ კუბური მეტრი გაზი უნდა მოეხმარა, საიდანაც აზერბაიჯანის წილი 2.513 მლრდ იქნებოდა, ანუ 92.2%, ხოლო რუსეთის 200 მლნ კუბური მეტრი – 7%-ზე ოდნავ მეტი, ადგილობრივი მოპოვების წილი კი 0.5%-ზე ნაკლებია და 13 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს. რუსულ გაზს მხოლოდ დიდი საწარმოები ინდივიდუალური კონტრაქტებით ყიდულობენ. მოსახლეობა, თბოსადგურები და კომპანიათა დიდი ნაწილი აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.

შარშანდელი ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი აღარ გაზრდილა, საწვავზე კი რეკორდული ფასები ნარჩუნდება, რაც ისედაც მაღალ ინფლაციას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title