ვარლამ გოლეთიანი სუს-ისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ან ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი აქციებით იმუქრება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაინტერესებულმა ძალებმა“ ჰესების მშენებლობის საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები გამოიყენეს და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნეს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როცა ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაზეა საუბარი, არცერთი ჯგუფი, ვინც ამას აკეთებს, ანგარიშში მოხსენიებული არ არის. ჰესის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის გამოსვლაა ჩათვლილი, ამ მიმართულებით ჩვენ ვართ იდენტიფიცირებული, რომ საფრთხე შევუქმენით ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, სუს-ის ანგარიშში არსებული ჩანაწერი სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებაა და ამას დასაბუთება ან ბოდიშის მოხდა სჭირდება.

„ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ მტკიცებულებებს, რადგან როცა ამდენ ადამიანს რაღაცას აბრალებენ, უმნიშვნელოვანესია, რომ ის მტკიცებულებებით იყოს გამყარებული, თორემ ჩვენ მოგვიწევს სხვაგვარად მოვთხოვოთ მათ პასუხი. ეს ავტომატურად გულისხმობს ახალი აქციების დაინიცირებას“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მთელი ეს ნარატივი, რომელიც გაცოცხლდა სუს-ის შემაჯამებელი დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ემსახურება 7 მაისს დანიშნული აქციის დისკრედიტაციას, იმას, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, მოვიდნენ და მოვიფიქროთ, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას. ამაზე უნდა ვისაუბროთ გუმათში.

ცდილობენ, ისე დაანახონ საზოგადოებას, თითქოს აქ დგომა ასოცირდება სიბნელესთან, ახირებულ წინააღმდეგობასთან და უბრალოდ, ურაპატრიოტული და გაუცნობიერებელი პროტესტია“, – ამბობს გოლეთიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ქვეთავში „ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ პროტესტზეა საუბარი.

 

Leave a Reply

Menu Title