ევროკავშირს ნავთობზე მეტად რუსულ გაზზე უარის თქმა გაუჭირდება

მკაცრი სანქციების პაკეტიდან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნება, ბუნებრივ გაზზე უარის თქმა კი რთული. ინფორმაციას ამის შესახებ ანალიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით Business insider ავრცელებს.

ევროკავშირმა გასულ წელს რუსული ენერგორესურსების შესყიდვაში $108 მლრდ გადაიხადა. რადიკალური ცვლილებების გარეშე, ფასების მკვეთრი მატების ფონზე წელს ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ევროპაში აღიარებენ, რომ რა სახის ფინანსური დახმარებაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას გაუწიეს იმაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტ თანხას რუსეთს ყოველკვირეულად გაზისა და ნავთობის შესყიდვაში უხდიან.

ევროკავშირი პროცენტულად რუსულ გაზზე უფრო მეტადაა დამოკიდებული ვიდრე რუსულ ნავთობზე. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ გაზის ტრანსპორტირება უფრო რთულია. ევროპაში ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად ამერიკული ნავთობით დატვირთული ტანკერი შევიდა. ევროპა გათხევადებული ყატარული გზაითაც მარაგდება, მაგრამ მცირე ოდენობით. გერმანია ნავთობის თითქმის 40%-ს რუსეთიდან ყიდულობს, მოცულობით კი დღიურად 550 ათასი ბარელით ყველაზე დიდი შემსყიდველია, ამის მიუხედავად, ბერლინმა წლის ბოლომდე მისი იმპორტი შეიძლება 0-მდე დაიყვანოს, თუმცა იმავეს გაკეთება გაზზე ბევრად უფრო მეტად გაუჭირდება.

შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსული ენერგორესურსების იმპორტზე უკვე თქვეს უარი. ევროკავშირი ჯერჯერობით ქვანახშირის ემბარგოს დასჯერდა, მაგრამ ცალკეულმა ქვეყნებმა იმპორტი ინდივიდუალურად შეაჩერეს ან წლის ბოლომდე შეჩერების პირობა დადეს.

რუსეთი ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტს ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვით აგენერირებდა. რასაც მცირე ოდენობით ქვანახშირი და გათხევადებული გაზიც ემატებოდა. სანქციებისა და ბუნებრივ რესურსებზე ფასების ზრდის პირობებში ნედლეულზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს რუსეთის ეკონომიკა 11.3%-ით შემცირდება. ენერგორესურსების ემბარგოს შემთხვევაში ჩინეთსა და ინდოეთში გაზრდილი გაყიდვები, განსაკუთრებით გაზის შემთხვევაში დანაკარგს სრულად ვერ დააკონპენსირებს, რის შედეგადაც ვარდნა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title