გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ  მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. 

  • რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა მიზეზი და ვინ გამოუტანა ამ პროექტს ,,სასიკვდილო განაჩენი,, ვინ იზარალა და ვინ მოიგო? რას მოუტანს საქართველოს „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება და რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაზის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის რეანიმირების შესაძლებლობას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე Europetime-თან განიხილავს.

  • „ნაბუქოს“ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს დასავლეთი, კერძოდ გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა მიმდინარე ომს უკრაინაში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ როგორმე ესკალაციის კერას ჩააქრობენ და რუსეთთან აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობას გაზის შესყიდვის საკითხში, მაშინ რა თქმა უნდა „ნაბუქოს“ არანაირი შანსი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საკმაოდ ღრმადაა ილუზიებში ჩაფლული ან რუსეთს კორუფციით უფრო ღრმად აქვს შეღწეული დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში“, – ამბობს ბადრიძე.

ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი).

„ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა.

გიორგი ბადრიძე Europetimeთან ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთაც თავის დროზე პროექტს პრაქტიკულად „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“.

„ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლის მიზეზი იყო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ასეთ დიდ პროექტებს ხშირად თან ახლავს. ევროკავშირის ქვეყნები, რა ვითარებაშიც არიან დღეს, მათმა ყოყმანმა, ზოგჯერ საეჭვო გარიგებებმა რუსეთთან სხვადასხვა ინტერესის ზემოქმედებამ განაპირობა. შედეგად, მათ განაჩენი გამოუტანეს და პრაქტიკულად მოკლეს „ნაბუქო“, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა „გაზპრომის“ პირისპირ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ევროკავშირს, ექნებოდა მხარდაჭერა და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული უსაფრთხოება. „ნაბუქო“ ევროპისთვის უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა ტრანზიტით გაზის უფრო დიდი ნაკადების გატარება, ევროპას კი ეს პროექტი რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა “, – აცხადებს ბადრიძე.

შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო).

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის შეფასებით, ეს მონაცემები უკვე საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს მანიპულირება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და „პოლონეთს“ გაზის მიწოდება შეუჩერა.

„დღეს ევროკავშირი დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე სრულად, რომელიც დადასტურებული გეოპოლიტიკით მოქმედებს და ღიად აქვს გაცხადებული, რომ გამოიყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ნიშნებით. ამ  დამოკიდებულებაში თავის ჩაყენების გამო პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებებს ვინც ამ არჩევანით ევროკავშირი ამ ვითარებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში არა ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე, არამედ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ამისთვის დასავლური ქვეყნების საზოგადოებამ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს პასუხი უნდა მოსთხოვოს“. 

„ნაბუქოს“ ახალ სიცოცხლეზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ზრდის მოწოდებას ტრანსადრიატიკული მილსადენით, მაგრამ წარმადობა ბევრად უფრო დაბალია. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი, ” – აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა 2022 წლის მარტში დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ.

„ყველაზე დიდი ალტერნატივა არის მილსადენის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რასაც თეორიულად შესაძლოა დაემატოს თურქმენეთი. ინსფრასტრუქტურულად ეს არაა ძალიან რთული, რადგან თურქმენეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მოიყვანეთ ჩემამდე მილი და მე ნედლეულს მოგყიდით. ვფიქრობ, თურქმენეთის საკითხი ძალიან აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ არ მსმენია რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმულიყოს“, – აცხადებს ბადრიძე.

ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივას სხვა მიმართულებით ეძებენ. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება დიდწილად გერმანიასა და ავსტრიაზე იქნება დამოკიდებული.

„ამ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია გერმანიაზე და მეტ წილად ავსტრიაზე, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან და მეორე მხრივ იმ ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურული კავშირი „ნაბუკოს“ პროექტთან. აქ პირველია ავსტრია, რადგან იქაა გაზის გამანაწილებელი მთავარი კვანძი, რომელსაც უნდა დაჰკავშირებოდა „ნაბუქოს“ მილსადენების სისტემა“.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply

Menu Title