ინდუსტრიის დადანაშაულება, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს, არამართებულია – მთვრალაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში საწვავი მნიშვნელოვნად ვერ გაიაფდება. მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ თუ საშუალება იქნება, ფასის შემცირება აუცილებლად მოხდება.

„პლაცის ფასები, რაც დღეს არის მოცემული, თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლევა. რომ არა ლარის გამყარება, ფასები სტაბილური ვერ იქნებოდა. ფასები სტაბილურია და უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, ფასების შემცირება, დროის ლოგიკურ ჭრილში აუცილებლად გაგრძელდება, თუ ამის საშუალება იქნება“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი განმარტებით, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის დადანაშაულება, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს, მართებული არ არის.

„დღეს, ნავთობპროდუქტების ინდუსტრია ჩამოყალიბებული, მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებულია. ლოგისტიკის ჯაჭვი არასდროს წყდება, პროდუქტი მუდმივად არის. ბაზარზე ხარისხობრივად მრავალფეროვანი პროდუქტი იყიდება. დღეს, როცა კომპანიები მაღალ ფასს აფიქსირებენ, ეს რუსეთ-უკრაინის ომიდან და ლარის მაღალი გაცვლითი კურსიდან მომდინარეობს. ასევე აქვთ გადასახადები. კომპანიებს შორის მრავალფეროვანი ფასებია. შესაბამისად, მთლიანად ინდუსტრიის დადანაშაულება, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს, არამართებულია“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანა დაწყებულია, თუმცა მისივე თქმით, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა საწვავის ფასებზე.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა შესაბამის ზომებს კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს, რომლის მომზადების ვადა სააგენტოს 15 მაისამდე აქვს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title