Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ყიდის

ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია, Shell რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესს ყიდის და მყიდველიც იპოვა. ამის შესახებ კომპანიის რუსეთის ოფისის თანამშრომლებს უკვე განუცხადეს. ინფორმაციას Forbes წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Forbes-ის თანამოსაუბრის ცნობით, გარიგება ჯერ არ გაფორმებულა და მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან. მისივე თქმით, Shell პერსონალთან ერთად ყველა ბენზინგასამართ სადგურს იმ პირობით ყიდის, რომ დასაქმებულებს ხელფასი წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ. Shell-ის თანამშრომლებისთვის მყიდველის ვინაობა არ გაუმხელიათ.

Shell-ის წარმომადგენელმა Forbes-ს დაუდასტურა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს „დამოუკიდებელ დაინტერესებულ მხარეებთან” აწარმოებს და პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ ქვეყნების სანქციებთან, კანონებთან და რეგულაციებთან, სადაც Shell ოპერირებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Shell-ისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

Shell-ს რუსეთის 28 ქალაქში 370-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური აქვს. ზოგიერთი მათგანი თავად კომპანიის საკუთრებაა, ზოგი კი ფრენჩაიზია Shell-ის ბრენდის ქვეშ. მსხვილი ნავთობკომპანიის ტოპ-მენეჯერი ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას ახასიათებს, როგორც „რთულს,” რადგან შიდა მოთხოვნა სტაგნაციას განიცდის, ნავთობის წარმოება ეცემა და თავად ბიზნესი დაბალმარჟიანია.

ეკონომიკური კრიზისის გამო, ბენზინის საფონდო ფასები ტონაზე შარშანდელი 60 000 რუბლიდან (900 დოლარიდან) 35 000 რუბლამდე (525 დოლარამდე) დაეცა, რის შედეგადაც ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესის მარჟა 30%-ს აღწევს. Forbes-ის წყაროს თქმით, Shell-ის ბიზნესს ბაზრის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის „ლუკოილი“ აკვირდებოდა, ხოლო Shell-ის რუსულ ოფისში „ლუკოილს“ ყველაზე რეალურ მყიდველად ასახელებენ. „ლუკოილის“ პრესსამსახური Forbes-თან კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელიდან, ასევე, საავიაციო საწვავის და საპოხი მასალების წარმოებიდან გასვლის შესახებ Shell-მა ჯერ კიდევ 8 მარტს გამოაცხადა. თუმცა მაშინ საუბარი იყო ამ ბიზნესების მხოლოდ დახურვაზე და არა გაყიდვაზე. Shell-მა განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო სხვა რუსულ პროექტებსაც წყვეტს. კერძოდ, ის ტოვებს „გაზპრომთან“ ერთობლივ საწარმოებს, Nord Stream 2-ის მილსადენს, თხევადი ბუნებრივი გაზის, Sakhalin-2-ის ქარხანას, წარმოება Salym Petroleum Development-სა და Gydan Energy-ს. კომაპნიამ, ასევე, უარი განაცხადა რუსული ნავთობის სპოტ-ბაზარზე შესყიდვაზე. ეს გადაწყვეტილებები წლის პირველ კვარტალში Shell-ის 4.2 მლრდ დოლარი დაუჯდა.

რუსული აქტივებისგან თავის დაღწევას სხვა ნავთობმწარმოებლებიც, კერძოდ, ExxonMobil, BP და Equinor გეგმავენ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title