ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

6 სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ

პანდემიის პირობებში, ბევრი ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, სადაც ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია იმაზე მეტია, ვიდრე გარეთ. ასეთია, მაგალითად, სოკოს სპორები და მტვერი, რომელსაც უკვე არსებული დაავადებების გართულება და ამა თუ იმ სიმპტომის გამოწვევა შეუძლია.

ამ სტატიაში სწორედ მსგავს 6 ნიშანზე გესაუბრებით, რომელიც დაგაფიქრებთ, რამდენად სუფთაა ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ.

თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება

ჩვენს ორგანიზმში ალერგენების მოხვედრისას იმუნური სისტემა აქტიურდება, რის შედეგადაც ცხვირისა და ყელის ლორწოვანი მემბრანები ღიზიანდება. გვეწყება ხველა და სურდო, ხოლო თვალები გვექავება ან გვეცრემლება.

სასუნთქი სისტემის გაღიზიანება მტვერს, სოკოს სპორებს, თამბაქოს კვამლს, ბაქტერიას, პესტიციდებს, სადეზინფექციო საშუალებებსა და სუნამოსაც კი შეუძლია. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი მაპროვოცირებელი აგენტები სახლებში დიდი რაოდენობით გვხვდება და იქ გარედანაც იჭრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მჭიდროდ დასახლებულ არეალში ცხოვრობთ.

რესპირატორული დაავადებები

რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ბევრად მწვავეა მოსახლეობაში, რომელიც დაბინძურებულ რეგიონში იმყოფება. მათში ხშირად ასთმა უფრო რთულად მიმდინარეობს, რადგან ისინი გარემოცულნი არიან შეტევების გამომწვევი მტვრითა თუ კვამლით.

უარესდება ფილტვის კიბო და კისტური ფიბროზიც, რაც გასაკვირი არაა. საქმე იმაშია, რომ მსგავსი ნივთიერებები ამ ორგანოზე განსაკუთრებულად ცუდ გავლენას ახდენს და სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს.

თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ჰაერის “დაბალ ხარისხზე” მიუთითებს. ის შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა შიდა დამაბინძურებელმა ნაერთმა, როგორიც ნახშირბადის მონოქსიდია. ის, ნახშირორჟანგთან ერთად, მომწამვლელია, ქსოვილს აზიანებს და სიკვდილსაც განაპირობებს.

თუ თავბრუსხვევა ქრება, როცა ადგილსამყოფელს იცვლით, აირის გაჟონვის საფრთხე უნდა გამორიცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგება.

თავის ტკივილი

არასახარბიელო შემადგენლობის მქონე ჰაერით სუნთქვის ნიშანია თავის ტკივილიც. თავბრუსხვევის მსგავსად, მის ერთ-ერთ მიზეზად ნახშირბადის მონოქსიდთან და სხვა ამგვარ ნაერთთან კონტაქტი მიიჩნევა, როცა მათი შემცველობა მაღალია.

აქვე გეტყვით, რომ ავტომაგისტრალთან ან აეროპორტთან ახლოს ცხოვრებას მეცნიერები გამწვავებულ რესპირატორულ პრობლემებთან, ინფექციებთან და თანდაყოლილ ანომალიებთან აკავშირებენ.

დაღლილობა

დაღლილობა ასევე ბინძური ჰაერის პირობებში ყოფნის შედეგია და ხშირად სუნთქვით პრობლემებს ერთვის. ამ დროს ადამიანს ენერგია იმაზე სწრაფად ეცლება, ვიდრე ჩვეულებრივ ჯანმრთელ ინდივიდს და მარტივი საქმეების შესრულებაც კი უჭირს.

თუ ასთმა გაწუხებთ, თავის ტკივილი მოსალოდნელია, რადგან შეტევის თავიდან არიდებას და მდგომარეობის გაკონტროლებას დიდ ძალისხმევას ახმართ, რაც საკმაოდ სტრესულია.

ლეგიონერთა დაავადება

იქ, სადაც ჰაერის კონდიცირების სისტემა სათანადოდ ვერ მუშაობს, ბაქტერია, სახელად ლეგიონელა მრავლდება, რომელიც ლეგიონერთა დაავადებას (ატიპიური პნევმონია) ედება საფუძვლად. ის სისტემაში არსებულ წყალში გვხვდება და მოწყობილობის ჩართვისას გარეთ გამოიდევნება. თუ ოთახის განიავება ვერ ხერხდება, დიდი შანსია, რომ ზემოხსენებული ორგანიზმი ჩვენს სხეულში აღმოჩნდეს.

ჩამოთვლილი გართულებებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჰაერის გამწმენდი გამოვიყენოთ, სახლი ხშირად გავანიავოთ, გავასუფთაოთ კონდიცირების სისტემები და დავრწმუნდეთ, რომ მავნე აირი არსაიდან ჟონავს.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title