Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის გაკოტრების პროცესი 4 თვით შეჩერდა

შვეიცარიის კანტონა ცუგის სასამართლომ პროექტ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 4 თვით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე დროებითი მორატორიუმი მიენიჭა,“ ხოლო დროებით მმართველად კომპანია Transliq AG დაიქირავეს.

Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების საპასუხოდ, გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა Nord Stream 2-ის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

Nord Stream 2-ის საზღვაო გაზსადენის წლიური სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია. ის ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში მდებარე „სლავიანსკაიას“ საკომპრესორო სადგურიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე გადის. „ინტერფაქსის“ ცნობით, დღეისთვის მილსადენის ორივე მონაკვეთი გაზით არის შევსებული და ექსპლუატაციისთვის მზადაა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title