Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ევროპისთვის შაჰდენიზის გაზსადენის ღირებულება სულ უფრო იზრდება – რა პერსპექტივა აქვს სამხრეთის დერეფანს

გაზის სამხრეთ დერეფანს ევროპისთვის მისაწოდებლად შესაძლოა, ერაყი, ისრაელი და სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს აზერბაიჯანელმა ექსპერტმა, ილგარ ველიზადემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქმენეთთანაც. ამასთან, დღეს აზერბაიჯანი აქტიურად ახორციელებს შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზას, რომელიც სამხრეთ დერეფნის ინფრასტრუქტურაში ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობას გაზრდის.

ექსპერტი შენიშნავს, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ენერგოსისტემაში გადატანას უკავშირდება. ეს შესაძლებელს გახდის, დაზოგილი გაზი სამხრეთ დერეფანში გადამისამართდეს.

აზერბაიჯანი ყოველწლიურად 45-50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს, ხოლო უახლოეს წლებში იგეგმება ლურჯი საწვავის სხვა ენერგორესურსებით ჩანაცვლება, რომ უცხოურ ბაზრებზე მიწოდება, მინიმუმ, 25-30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. ილგარ ველიზადეს მონაცემებით, ამ დერეფნის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა მისი სიმძლავრის 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ლიმიტი არ არის და გამტარუნარიანობა დამატებითი სადგურებისა და ობიექტების ხარჯზე შესაძლოა, უფრო მეტადაც გაიზარდოს,“ – აცხადებს ველიზადე.

ექსპეტის შეფასებით, დღეს საკმაოდ არსებითად განიხილება სამხრეთ დერეფნის გაზსადენით არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ წყალბადის მიწოდების პერსპექტივაც, რადგან აზერბაიჯანში წყალბადის ნედლეულის წარმოების დაწყება იგეგმება, ხოლო ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ დერეფნის პროექტს მრავალი ათწლეულის განმავლობაში დიდი მომავალი აქვს.

2021 წელს აზერბაიჯანმა გაზის სამხრეთ დერეფნით 9 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობა გადაქაჩა. სამომავლოდ ევროპის ენერგეტიკული სექტორისთვის გაზის მიწოდების 16-18 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება, რადგან ევროპაში გაზის წლიური მოხმარება, დაახლოებით, 500 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

ამას ემატება ისიც, რომ თურქეთის საზღვაო ზონაში გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რაც რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების წინაპირობაა, რადგან გაზის სამხრეთ დერეფნის კონსორციუმი ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან, აზერბაიჯანს სესხები ყველაზე დაბალი პროცენტით გამოუყონ.

მილი მეჯლისის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, რუფატ გულიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი არ სარგებლობს მსოფლიო ბაზრებზე გაზის გაძვირებით და ლურჯი საწვავის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გაყიდვას განაგრძობს.

„ჩვენ არ ვაქცევთ გაზს რაიმე პოლიტიკურ იარაღად და ვცდილობთ, ვიყოთ მოწესრიგებული და ერთგული პარტნიორები ევროკავშირისთვის, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის სავალუტო შემოსავლებზე,“ – აცხადებს გულიევი.

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

Leave a Reply

Menu Title