ტირასპოლი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში აღკვეთეს ნავთობბაზის გადაწვის მცდელობა

მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის ხელისუფლების ცნობით, 13 მაისს უცნობებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს ტირასპოლში მდებარე ნავთობბაზისა და სამხედრო პოლიციის შენობას.

სეპარატისტული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული ცნობით, თავდასხმის შედეგად პოლიციის პუნქტზე მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაცვამ მალე ჩააქრო. არავინ დაშავებულა.

დნესტრისპირეთის პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოაწყო მამაკაცმა, რომელიც უცხო სანომრე ნიშნიანი მანქანიდან გადმოვიდა. ამასთან, ცნობაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის.

ინციდენტთან დაკავშირებით სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დაიწყო სამძებრო ოპერაცია. ამასთან, ამ რეგიონში უკვე მოქმედებს „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე“, რომელიც ტირასპოლის ხელისუფლებამ 25-26 აპრილს მომხდარი აფეთქებების შემდეგ გამოაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 26 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვის მომხრე სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო თავდასხმა, არის დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა. ამაში მან ბრალი დასდო „ომის მომხრე ფრთას“ დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title